ლაშა ხუციშვილი – ”სესხების პატიების პროექტი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”

ლაშა ხუციშვილი - ”სესხების პატიების პროექტი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება”მიუხედავად სესხების პატიების პროექტის მასშტაბურობისა, აღნიშნული პროცესი დაპირებისამებრ 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება – ამის შესახებ განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა.

მისი თქმით, ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები სიების ფორმირების მიმართულებით.

„ამასთან, სესხების პატიების პროექტში დამატებით 10-მდე სესხის გამცემი ორგანიზაცია ჩაერთო, რომლებსაც საწყის ეტაპზე თანამშრომლობის სურვილი არ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, მათი მხრიდან ჩამოსაწერი სესხების მონაცემების მოწოდება მიმდინარეობს. ყველა ჩამოსაწერ სესხზე ინფორმაცია ასახული იქნება ერთიან ბაზაში, რომელიც უახლოეს პერიოდში განთავსდება სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილ ვებგვერდზე”, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გადაამოწმოს საკუთარი თავი აღნიშნულ ბაზაში. ასევე, მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ მიმართონ იმ საფინანსო ორგანიზაციებს, ვისი ვალიც მათ აქვთ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭარბვალიანობის პრობლემასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა წარადგინა. ამ ინიციატივის მიხედვით, 600.000 მოქალაქეს 31 დეკემბრამდე ბანკებისა და საფინანსო სექტორის მიმართ არსებული ჯამში მილიარდნახევრიანი ვალი გაუნულდება. პრემიერმინისტრის განცხადებით, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

იმედინიუსი