ლევან ჩიკვაიძე – მთავრობაში საბანკო და საფოსტო მომსახურების ინტეგრირებას განიხილავენ

ლევან ჩიკვაიძე - მთავრობაში საბანკო და საფოსტო მომსახურების ინტეგრირებას განიხილავენმსოფლიოს ბევრ ქვეყანაში საბანკო სექტორს შეთავსებული აქვს საფოსტო სერვისებიც და არ არის გამორიცხული მსგავსი სინერგია საქართველოს შემთხვევაშიც მოვიაზროთ.
როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული ამას გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებებიც დასჭირდეს.
„განხილვა მიმდინარეობს ამ თემის. ბანკთან მიმართებაში ჩვენი კანონმდებლობა ბევრი მიმართულებით ზღუდავს ამ ტიპის ურთიერთობებს. ჯერჯერობით ვერ გეტყვით, მაგრამ შეიძლება მივიდეთ იქამდეც, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება დადგეს და იმედი მაქვს, თუ ამას მთავრობას და წარმომადგენლობით ორგანოსაც  დავუდასტურებთ, შესაძლებელი იქნება ამის გაკეთებაც“-აცხადებს ლევან ჩიკვაიძე.
„საქართველოს ფოსტის“ სერვისებისა და საბანკო პროდუქტების ინტეგრირების კუთხით უკვე გადაიდგა ნაბიჯები. „თიბისი ბანკთან“ გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმით, „საქართველოს ფოსტის“ მომხმარებლებს ქვეყნის მასშტაბით არსებულ „ფოსტის“ ყველა სერვისცენტრში „თიბისი ბანკის“ პროდუქტებისა და მომსახურების მიღება შეუძლიათ.