წლევანდელ სეზონზე ,,ქართული ზეთისხილი“ საკუთარ პლანტაციებში 100 ტონა მოსავალს ელის, რაც გასული წლის მაჩვენებელს 150%-ით აღემატება.
შარშანდელ რთველზე კომპანიამ 40 ტონა ზეთისხილი მიიღო.
როგორც ,,ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებელმა გიორგი სვანიძემ Bm.ge-ის განუცხადა, გაიზრდება კომპანიის მიერ წარმოებული ზეითუნის ზეთის მოცულობაც და სავარაუდოდ, 80 ტონამდე ავა.
პროდუქცია როგორც – ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე გაიყიდება.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ზეთისხილი” პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. კომპანია ამჟამად 400 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას ფლობს, რომელიც 2009 წლიდან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად გაშენდა; კერძოდ: სიღნაღში, დედოფლისწყაროში, ტარიბანაში, ბაღდათში და მარნეულში. მოგვიანებით კი, სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, რომელიც პროდუქციას 2017 წლიდან უშვებს.
მომავალი წლის გაზაფხულზე კომპანია დამატებით 1000 ჰექტარ ზეთისხილის პლანტაციას დედოფლისწყაროში გააშენებს, რაშიც 10 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.
საწარმო ორი სახეობის ზეთს აწარმოებს – პრემიუმკლასს და გოლდენს. კომპანიამ ქართული ზეითუნის ზეთის წარმოებაში 7 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩადო.

