2017 წელს საქართველოს ფოსტის ვალდებულებების მოცულობა 10 მილიონი ლარი იყო.
როგორც კომპანიის ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, აღნიშნული 10 მლნ ლარიდან ყველაზე დიდი, 8-მილიონიანი ვალდებულება ფოსტას რუსეთის ფოსტის წინაშე აქვს, 267 ათასი ლარით კი, მეორე ადგილზეა ისრაელის ფოსტა.
ვალდებულებებთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის მიღების მიზნით, Bm.ge საქართველოს ფოსტას დაუკავშირდა, სადაც წერილობითი კომენტარი გააკეთეს:
„საქართველოს ფოსტის ფინანსური ვალდებულებები სხვა ქვეყნების საფოსტო ოპერატორების მიმართ, წარმოშობილია ფოსტის გაცვლის შედეგად, რაც საფოსტო სფეროში ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენს, ანალოგიური ვალდებულებები გააჩნიათ სხვა ქვეყნის საფოსტო ოპერატორებს საქართველოს ფოსტის მიმართ, მათ შორის რუსეთის ფოსტასაც. საფოსტო ადმინისტრაციებს შორის საფოსტო მომსახურებაზე ანგარიშსწორებას არეგულირებს მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენცია (UPU CONVENTION , Letter Post Manual Volume II section VII article 28,29,30; Parcel Post manual Volume III, Section VII article 27), რაც ყველა წევრი ქვეყნისთვის სავალდებულო შესასრულებელი ნორმატივია. აღნიშნული რეგულაციის საფუძველზე გამგზავნი საფოსტო ადმინისტრაცია ვალდებულია, მიმღებ საფოსტო ადმინისტრაციას გადაუხადოს ქვეყნის შიდა მომსახურების საფასური, რაც წარმოადგენს სავალდებულო გადასახადს. ადმინისტრაციებს შორის ანგარიშგების პროცედურა ასევე რეგულირდება მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციის და ქვემდებარე აქტების შესაბამისად. ანგარიშგების პროცედურა, მომსახურების ტიპები და ტარიფები განსაზღვრულია მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციით, ასევე წერილობითი კორესპონდენციის და ამანათების სახელმძღვანელოთი, რაც თავის მხრივ, წარმოადგენს მსოფლიო საფოსტო კავშირის კონვენციის შემადგენელ აქტებს (UPU CONVENTION, Letter Post Manual, Parcel PostManual)“, – განმარტეს „საქართველოს ფოსტაში“.
შეგახსენებთ, როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობამ ფოსტის პრივატიზების გადაწყვეტილება მიიღო.
ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას თქმით, სახელმწიფო ფოსტის პრივატიზების გამოცხადებისთვის უკვე “პრაქტიკულად მზად არის”.
საქართველოს ფოსტა სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს. 1995 წელს დაფუძნებული კომპანია დღეს საქართველოში საფოსტო და საამანათო გზავნილების მიწოდებას ახდენს.
2017 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, საქართველოს ფოსტა ზარალიანი საწარმოა.
2017 წელს კომპანიის ბრუნვა 22%-ით გაიზარდა და მან 86.7 მილიონ ლარს მიაღწია. თუმცა კომპანიას მარაგების შესყიდვა – 30 მილიონი ლარი, პერსონალის ხარჯი – 23.5 მილიონი ლარი, ცვეთა – 3.3 მილიონი ლარი, ხოლო სხვა ხარჯები კი, 30 მილიონი ლარი დაუჯდათ.
საოპერაციო საქმიანობაში ფოსტამ 1.5 მილიონი ლარის ზარალი მიიღო. კომპანიას აგრეთვე სხვა შემოსავალიც ჰქონდა, რაც კომპანიის ანგარიშებზე საპროცენტო სარგებლის დარიცხვას უკავშირდებოდა. საერთო ჯამში, ფოსტის მთლიანი ზარალი 2017 წელს 330,000 ლარი იყო.
საქართველოს ფოსტამ საქმიანობა 2016 წელსაც ზარალით დაასრულა. მაშინ კომპანიის ფინანსური ზარალი 2.2 მილიონი ლარი იყო.
რაც შეეხება კომპანიის აქტივებს, ის 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 72 მილიონ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2 მილიონი ლარით მეტია.

