პარლამენტის დარგობრივი ეკომომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის გადასახადის გათანაბრების წინააღმდეგია.
როგორც კაკულია bm.ge-თან საუბრისას განაცხადა, მას საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით კითხვები აქვს და თუკი მათზე არგუმენტირებული პასუხები არ ექნება, ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
კაკულიას თქმით, საჭიროა, ერთმანეთისგან გაიმიჯნოს სიგარეტი, რომელსაც უფასო ფილტრი მოჰყვება და ჩვეულებრივი უფილტრო სიგარეტი.
,,იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც მხოლოდ უფილტრო სიგარეტს აწარმოებენ, ეს ინიციატივა უსამართლოდ მომეჩვენა. შეგვიძლია, გარკვეული გრადაცია შემოვიტანოთ, მით უფრო, რომ ადგილობრივ წარმოებაზე ვსაუბრობთ”, – განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ადამიანებს დასაქმების ალტერნატიული საშუალებები შევთავაზოთ, იმ შემთხვევაში, თუკი ინიციატივა დამტკიცდება და ის ადგილობრივ კომპანიებს პრობლემებს შეუქმნის.
„უფილტრო სიგარეტს ნაკლებშემოსავალიანი მოსახლეობა ყიდულობს, ადამიანები ასე ადვილად ვერ ანებებენ თავს მოწევას და ხომ შეიძლება თუთუნზე გადავიდნენ და თუნდაც გაზეთში გაახვიონ და ისე მოწიონ, ასე რომ, ბევრი კითხვაა”, – განაცხადა კაკულიამ.
ამასთან, კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ის ,,ეშმაკობა” და კანონის ხარვეზი, რაც მწარმოებლებს საშუალებას აძლევს, უფილტრო სიგარეტს ფილტრი ცალკე მოაყოლონ, გამოსასწორებელია, რადგან უსამართლო კონკურენციას იწვევს.
,,მაგრამ ხომ არიან ადამიანები, რომლებიც მხოლოდ უფილტრო სიგარეტს ეწევიან? ან მწარმოებლები, რომლებიც მხოლოდ უფილტროს აწარმოებენ? თუ დამარწმუნებენ, რომ ასეთები არ არიან, მე ჩემს შეკითხვებს მოვხსნი“, – განაცხადა კაკულიამ.
მისი თქმით, სიგარეტის დაბეგვრა არა – ორი, არამედ სამი კატეგორიის მიხედვით უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე აქციზის გათანაბრების ინიციატივით „ოცნების“ დეპუტატები გამოდიან.
კანონპროექტის ინიციატორები კაკი ზოიძე, დიმიტრი ხუნდაძე, ლევან კობერიძე, ილია ნაკაშიძე არიან.
ცნობისთვის: ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის განაკვეთის გათანაბრებას მიესალმება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

