“საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს”

"საპენსიო დანაზოგი რომ დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს"კერძო სექტორის ნაწილი საპენსიო რეფორმის გადავადებას ითხოვს. ბიზნესი ამბობს, რომ რეფორმასთან დაკავშირებულ ელემენტარულ და ტექნიკურ კითხვებზეც საპენსიო სააგენტოს მენეჯმენტს პასუხები არ აქვს. უპასუხო კითხვებზე აკეთებს აქცენტს საკონსულტაციო კომპანია Kreston-ის წარმომადგენელი დავით პაპიაშვილიც.
„საპენსიო სისტემის მოდელის მიხედვით, 2%-იანი შენატანი დაითვლება გადახდილი ხელფასის თანხიდან (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) ეს უკანასკნელი კი ნიშნავს იმას, რომ 2% უნდა დაერიცხოს როგორც ფულადი ფორმით თანამშრომლისთვის გადახდილ ხელფასს, ასევე ნატურით (ანუ თანამშრომლისთვის ნივთის ან სარგებლის გადაცემით) გადაცემით მიღებული ხელფასიდან. პირველი პრობლემა სწორედ ამ უკანასკნელშია და მომდინარეობს შემოსავლების სამსახურიდან. ნატურით გაცემული ხელფასი როგორ უნდა დაიბეგროს საშემოსავლო გადასახადით ანუ ე.წ. „აგროსვით“ თუ „აგროსვის გარეშე“, ეს თემა წლებია საკამათოა და არ არის გარკვეული ამდენი ხნის განმავლობაში შემოსავლების სამსახურში.

ბუღალტრებს სჭირდებათ დრო, რომ საპენსიო სააგენტოს ვებ გვერდზე არსებულ სისტემაში გაერკვნენ და ზუსტად იცოდნენ ის, თუ რა ინფორმაცია უნდა დატვირთონ აღნიშნული 2%-ის დათვლისთვის.

ეს უკანასკნელი იწვევს ძალიან დიდ გაურკვევლობას და ტექნიკურ სირთულეებს, რაზეც მოკლედ ვერ ვისაუბრებ.

ასევე, აშკარა შეცდომებია კანონში “თვითდასაქმებულის” ნაწილში. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვინც ეს კანონი დაწერა იმ საგადასახადო ბაზაზე სადაინაც ხდება ამ 4%-ისა და 2%-ის დათვლა, არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა.

და კიდევ ერთი საკითხი, როგორც ცნობილია ფული სამი ტიპის პორტფელში უნდა ჩაიდოს: მაღალრისკიანში, საშუალორისკიანში და დაბალრისკიანში. ანუ როგორც ვიცით, საპენსიო სააგენტო 3 წლის შემდეგ ჩვენი შესანახი იქნება და ჩვენ ჩამოგვეჭრება ჩვენი ანგარიშიდან მათი შენახვის საკომისიო. რაც შეეხება, ინვესტიციებს, საბოლოო ჯამში, აღიარა (საპენსიო სააგენტოს დირექტორმა), რომ გარანტიები და დაზღვევის მექანიზმი არ არსებობს! ანუ ეს ფული რომ ჩემს მაგივრად ჩადონ რამე ინვესტიციაში და დაიკარგოს, ამაზე პასუხს არავინ აგებს! არის უამრავი სხვა ტექნიკური თემა, რაზეც მრჩება შთაბეჭდილება რომ საერთოდ არ უფიქრიათ”, – აცხადებს პაპიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, რეფორმის გადავადება არ მოხდება, რაც შეეხება ინფორმაციის ფართოდ გავრცელებას საზოგადოებაში, ის მომავალი კვირიდან დაიწყება. კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემა 2019 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს.