“ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტით ყიდის” – რუსთავში 3 კაცის დაჭრის დეტალები

"ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტით ყიდის" - რუსთავში 3 კაცის დაჭრის დეტალებისისხლიანი დაპირისპირება მოხდა რუსთავში, სასაფლაოს ტერიტორიაზე. სოფელ გაჩიანთან სამი მამაკაცი დაჭრეს.
ერთ დაშავებულს ტყვია მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, ორი კი ფეხის არეშია დაჭრილი. დაშავებულები რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულთა ახლობლების მტკიცებით, ახალგაზრდებს კონფლიქტი უცნობ პირებთან აზერბაიჯანელების სასაფლაოზე მოუვიდათ.

მათივე ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. კონფლიქტი სასაფლაოზე მაშინ დაიწყო, როდესაც ადგილობრივმა ახალგაზრდებმა უცხო პირებს ტერიტორიაზე წამლით ვაჭრობა აუკრძალეს.

“ვიღაცამ სასაფლაოზე დამარხა ნარკოტიკები და ინტერნეტის საშუალებით ყიდის. აქ მოდიან უცხო ადამიანები და აცხადებენ, რომ სოფელში მათ ასაღებად მოდიან. გვინდა დავიჭიროთ ის ადამიანები, ვინც ნარკოტიკებს ყიდის. ადრე ასეთი რამ არ ყოფილა. რა სახელწმწიფოა ის, რაც ამას უშვებს”- ამბობს დაჭრილის ახლობელი.

ადგილობრივების თქმით, აყვანის სპეცოპერაციისას სამართალდამცავებსა და ბოროტმოქმედებს შორის ორმხრივი სროლა იყო.

როგორც ირკვევა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა. დაკავებისას კი ბრალდებულის მეგობრებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლებით არის დაწყებული.

ნიუპოსტი