აკაკი ზოიძე – “სიგარეტს სარგებელი არც ეკონომიკისთვის მოაქვს და არც ჯანმრთელობისთვის”

იანვრიდან სიგარეტი საშუალოდ 50 თეთრით გაძვირდა. საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი გასამმაგდა. გარდა ამისა, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე აქციზის დიფერენცირებული განაკვეთების გათანაბრებაც იგეგმება, რაც ნიშნავს, რომ უფილტრო სიგარეტის 1 კოლოფზე აქციზი 1.7 ლარი იქნება.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე “ახალ თაობასთან” დეტალურად განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ მიიღეს თამბაქოს გაძვირების გადაწყვეტილება.
– ბატონო აკაკი, ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ თამბაქოზე აქციზის ზრდას ევროკავშირში ყოფნა გვავალდებულებს. რა ვალდებულებას გულისხმობდა მინისტრი?
– როგორც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ ვალდებულებები, ასევე გვაქვს ჩვენც სავალდებულოდ, რომ 2024 წლისთვის, მინიმუმ 60% უნდა იყოს აქციზი თამბაქოს ფასის, ანუ 90 ევრო დაახლოებით 1 კოლოფზე. 2024 წლამდე ნელ-ნელა უნდა გაიზარდოს ფასი, ეტაპობრივად. 2016 და 2017 წელს გაიზარდა, ახლაც და მომავალშიც გაიზრდება.
ამ ჭირისგან რომ გავთავისუფლდეთ მთელი მსოფლიო, ეს არის ერთადერთი სწორი გზა ამ მიმართულებით. 20-25 წლის წინ შემოიღო ევროპის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ჩვენთანაც დიდი ხანია ეს გადასახადი არსებობს, უბრალოდ აქამდე ძალიან დაბალი იყო და ნელ-ნელა უნდა მოიმატოს.
დღეს თამბაქოს ფასი განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ნიუ-იორკში 17-18 დოლარია 1 კოლოფი. ეს არის შეგნებული გადაწყვეტილებაა, რომ მაქსიმალურად შეზღუდული იყოს ნებისმიერი ადამიანი ფინანსურად და მისთვის ხელმიუწვდომელი იყოს თამბაქო. ეს ვალდებულება გვაქვს ჩვენც ჩვენი მოსახლეობის მიმართ.
თამბაქოს მოხმარება ხალხის ჯანმრთელობის გამო უნდა შევამციროთ ქვეყანაში, სადაც ყოველი მესამე ადამიანი ეწევა. ეს არის კატასტროფა. აქციზის ყოველი 10%-ის ზრდა, თამბაქოს მოხმარების დაახლოებით 5-8 %-ის შემცირებას უნდა იწვევდეს.
მთლიანად აქციზის არსი გახლავთ არა ის, რომ ბიუჯეტში ფულები შევაგროვოთ, არამედ ეს არის გადასახადი ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტებზე. ეს ფული პირდაპირ გამოიყენება უმეტეს ქვეყნებში, მაგალითად ჯანდაცვის ბიუჯეტის დაფინანსებისათვის, იმიტომ რომ სიგარეტს ზიანის მეტი არაფერი მოაქვს არც ეკონომიკისთვის და არც – ადამიანის ჯანმრთელობისთვის.
– რამდენად ეფექტური შედეგი შეიძლება მივიღოთ. სხვა ქვეყნების მაგალითზე ამან გაამართლა?
-რაც უფრო ძვირია სიგარეტი, მით ნაკლები ახალგაზრდა იწყებს მოწევას და რაც უფრო ძვირია თამბაქოს პროდუქტი, უფრო ნაკლებს ეწევიან მწეველები, ან საერთოდ ანებებენ თავს. ეს არის ყველაზე ეფექტიანი მეთოდი. დადასტურებულია უამრავი კვლევით და მილიონობით ადამიანის დაკვირვებით, მათ შორის საქართველოშიც.
შესაბამისად, ეს გზა ერთ-ერთია, სპონსორული და რეკლამის აკრძალვასთან ერთად და შენობებში მოწევის აკრძალვასთან ერთად, რომ შევამციროთ თამბაქოს მოწევა ამ ქვეყანაში, რომელსაც ყოველი მეხუთე ადამიანი ეწირება ნაადრევად, ყოველწლიურად 15 წლით ადრე იღუპებიან. ეს არის კატასტროფული ციფრი.
– ოპოზიცია ამბობს, რომ ფასის გაზრდა უფრო დაბალხარისხიან სიგარეტზე გადასვლას გამოიწვევს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?
– არ არსებობს დაბალხარისხიანი და მაღალხარისხიანი სიგარეტი. თუ ვინმე მაგას ამბობს, ეს არის აბსოლუტური შეცდომა. ყველა სიგარეტი არის მავნებელი. ხარისხი განისაზღვრება იმით, ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა თუ საზიანო. სიგარეტი ერთადერთი პროდუქტია, რომელსაც ზიანის მეტი ადამიანისთვის არაფერი მოაქვს. შესაბამისად, დაბალი და მაღალი ხარისხის შეუძლებელია არსებობდეს.
თუ იმაზეა საუბარი, რომ გადადიოდნენ უფილტროზე, ამისათვის მოხდა გათანაბრება აქციზის და ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომ უფილტროზეც და ფილტრიანზეც ყოფილიყო აქციზი ერთნაირი და სწორედ არ მოხდეს ეს ჩანაცვლება მაღალფასიანი სიგარეტის იაფფასიანი სიგარეტით.
ყველა პროდუქტი უნდა გაძვირდეს, რომ ყველა მიუწვდომელი იყოს მომხმარებლისთვის, თორემ მხოლოდ განსაკუთრებული ბრენდები კი არ უნდა იყოს ხელმიუწვდომელი. ამის დისკრიმინაცია არ უნდა მოხდეს.

ამ საკითხზე ეკონომისტ გიორგი პაპავასაც ვესაუბრეთ.
გიორგი პაპავა:
– იმის ილუზიაც არ უნდა გვქოდეს, რომ მხოლოდ ამით არის შესაძლებელი, რომ მწეველების რაოდენობა შევამციროთ. ამას მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სჭირდება და ბევრი ისეთი ფაქტორის არსებობა, რაც კავშირში არ არის თამბაქოსთან. იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში უფრო ნაკლებს კი ეწევიან, მაგრამ ამავდროულად უფრო ჯანსაღადაც ცხოვრობენ.
– შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ თამბაქოზე ფასის ზრდა მხოლოდ მოსახლეობის ჯანმრთელობისკენ გადადგმული ნაბიჯია და არა ბიუჯეტის საკეთილდღეოდ?
– მსოფლიოში აღიარებულია, რომ თამბაქო სახიფათო პროდუქტია ჯანმრთელობისთვის. შესაბამისად, ევროკავშირთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ჩვენც გავაძვირებთ ამ პროდუქციას საქართველოში. გაძვირება იმიტომ ხდება და ეს ვალდებულება სწორედ მაგიტომ გვაქვს აღებული, რომ შევამციროთ ქვეყანაში მწეველთა რაოდენობა და არა იმიტომ, რომ ბიუჯეტი შევავსოთ.
მიჩნეულია, რომ არის ეს ერთ-ერთი ყველაზე მავნებელი პროდუქტი, შესაბამისად, უნდა წახალისდნენ ადამიანები, რომ არ მოწიონ ეს პროდუქტი. ამისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტებიც არსებობს. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური არის ფასის ზრდა და ამიტომაც იზრდება, თუმცა ამასაც აქვს გარკვეული რეგრესული სახასიათო.
– ის ხომ არა, რომ უფრო დაბალხარისხიან სიგარეტზე გადასვლას გამოიწვევს?
– ეგ ეფექტიც არის ნამდვილად, რომ შეიძლება უფრო უხარისხოზე გადავიდნენ და შეიძლება იგივე რაოდენობით მოწიონ და ამას ექნება ცალსახად ნეგატიური ეფექტი და მეორე არის ის ფაქტი, რომ არ წაახალისოს რაღაც კონტრაბანდული წარმოება.
როდესაც კერძო სექტორმა იცის, რომ ეტაპობრივად ხდება ფასის მატება, თუ ადმინისტრირება, ამას თან ახლავს ეს რისკები. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაძვირდა იაფი სიგარეტიც. ჩემი აზრით, თუ მის მოწევაზე გადავლენ, ეს უფრო პატარა მასშტაბით იქნება, ვიდრე მწეველთა რაოდენობის შემცირების ეფექტი.
იმის ილუზიაც არ უნდა გვქონდეს, რომ მხოლოდ ამით არის შესაძლებელი მწეველების რაოდენობის შემცირება. ამას მეტი ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება სჭირდება და ბევრი ისეთი ფაქტორის არსებობა, რაც კავშირში არ არის თამბაქოსთან.
ლელა მდივანი, ახალი თაობა

დატოვეთ თქვენი კომენტარი