კახა ბექაური მაგთის და სილქნეტს დაემუქრა – “მათ მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას არ დავუშვებთ”

კახა ბექაური მაგთის და სილქნეტს დაემუქრა - "მათ მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას არ დავუშვებთ"კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ბოლო 2-3 წლის განმავლობაში კონკურენცია შესუსტდა, რამაც რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა სილქნეტმა და მაგთიმ თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ, რასაც კომუნიკაციების კომისია არ დაუშვებს.

„ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში დასუსტდა კონკურენცია, იცით რომ “თელია სონერა” გავიდა ბაზრიდან, ამის მერე “სილქნეტმა” შეისყიდა “ჯეოსელი”, მანამდე კი 2 წლის განმავლობაში, როცა “თელია სონერა” გასვლას აპირებდა, არ აკეთებდა ინვესტიციას და არ ზრუნავდა ქსელის გაძლიერებაზე, რამაც თავისი დაღი დაატყო კომპანიას და დასუსტდა “ჯეოსელი”.

ასევე დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ “ბილაინს” არ ჰქონდა 4G უზრუნველყოფის შესაძლებლობა და ვერ უწევდა ამ ორ კომპანიას კონკურენციას, მაგრამ კომისიამ მისცა მათ 800-იანი სიხშირე და მათ შეძლეს 4G განვითარება, მიუხედავად ამისა, მათ გარკვეულად მაინც საექსპერიმენტო ბაზად ქონდათ ქართული ბაზარი და პრინციპში „ბილაინსაც“ გადაწყვეტილი აქვს ამ ბაზრიდან გასვლა, ისიც ყიდის ბიზნესს, შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა.

ამ ფაქტებმა დაასუსტა ბაზარზე კონკურენცია. ამიტომ ჩნდება რისკები, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა საცალო ბაზარზე მომხმარებლის მიმართ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ამიტომაც აუცილებელია, რეგულატორი იდგეს შესაბამის სიმაღლეზე და დაიცვას მომხმარებლის ინტერესები, რასაც ჩვენ აუცილებლად გავაკეთებთ“, – აცხადებს კახა ბექაური.

მისი განცხადებით, კომისია ფიქსირებული ბაზრის კვლევას იწყებს, იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოახდინოს და კომპანიებს, რომლებიც კომისიის აზრით, უსაფუძვლოდ ზრდიან ფასებს ზედა ზღვრული ტარიფები დაუწესოს.
„ჩვენ დავიწყებთ საცალო ბაზრის სეგმენტზე, ნებისმიერ მობილურ, თუ ფიქსირებული მომსახურების ბაზრის კვლევა-შესწავლას, ბაზრის კვლევა დაიწყება იმ მიზნით, რომ საცალო ბაზრის რეგულირება მოვახდინოთ. კერძოდ, საცალო ბაზარზე ზედა ზღვრული ტარიფები დავადგინოთ. ამაზე დავალება უკვე გავეცი.

რაც შეეხება იმ კითხვას, თუ მანამდე მაინც გააძვირებენ ტარიფს კომპანიები იმ თარიღებში რაც თქვეს, გარწმუნებთ, ჩვენ აუცილებლად კანონზომიერების ფარგლებში დავაბრუნებთ მათ. ჩვენ გვაქვს ბერკეტი კანონით მონიჭებული უფლება და შეგვიძლია საცალო ტარიფის რეგულირება, შესაბამისად, თუ არ გაითვალისწინებენ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებას, ჩვენ აუცილებლად შევალთ საცალო ბაზარზე და დავარეგულირებთ მას“,- განაცხადა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.

ბიემჯი