ვერაზე საჩხერელი თეიმურაზ ქვათაძის მანქანა ჩაცხრილეს – თავდასხმის ახალი დეტალები

ვერაზე საჩხერელი თეიმურაზ ქვათაძის მანქანა ჩაცხრილეს - თავდასხმის ახალი დეტალებიშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვერაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ორი მუხლით აღიძრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციით, არის თუ არა ვინმე დაჭრილი, ამის თაობაზე ჯერჯერობით ინფორმაციას არ ფლობენ.

ტატიშვილის ქუჩაზე მოძრავ ავტომობილს ცეცხლი ასევე სხვა მოძრავი ავტომანქანიდან გაუხსნეს.

სროლის მიუხედავად დაცხრილული ავტომობილის მძღოლმა მოძრაობა განაგრძო, ჩავიდა მელიქიშვილის ქუჩაზე და ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან დაპარკინგებულ ერთ-ერთ ავტომობილს შეეჯახა. ამის შემდეგ მან საკუთარი ავტომანქანა მიატოვა და გაიქცა.

კურიერის ინფორმაციით, ავტომობილი 1982 წელს დაბადებულ თეიმურაზ ქვათაძეს ეკუთვნის.

როგორც რუსთავი 2-სთვის ცნობილი ხდება, ის საჩხერეში ცხოვრობს.

ვერაზე საჩხერელი თეიმურაზ ქვათაძის მანქანა ჩაცხრილეს - თავდასხმის ახალი დეტალები