ვერაზე სროლის წინ 35 წლის გიორგი ადუაშვილი დაჭრეს – მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

ვერაზე სროლის წინ 35 წლის გიორგი ადუაშვილი დაჭრეს - მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდავერაზე სროლის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

ვერაზე 6 გასროლის ხმა დაახლოებით 17:00 საათისთვის გაიგეს. “ნიუპოსტს” თვითმხილველები უყვებოდნენ, რომ ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე მსუბუქი ავტომობილი ჩაცხრილეს. სროლის შემდეგ მძღოლმა, 1982 წელს დაბადებულმა თეიმურაზ ქვათაძემ, საჭე ვეღარ დაიმორჩილა, მანქანიდან გადმოვიდა, ავტომობილი კი ფილარმონიასთან დაპარკინგებულ სხვა მანქანას შეეჯახა.

ქვათაძემ გაქცევა მოახერხა.

“ნიუპოსტის” ინფორმაციით, თავდამსხმელების სამიზნე სწორედ ქვათაძე იყო. მეტიც, სროლას წინ გარჩევა უძღოდა, რომლის დროსაც ერთი პირი, 35 წლამდე ასაკის გიორგი ადუაშვილი, დაიჭრა.

სავარაუდოდ, ის სროლამდე მომხდარი ჩხუბის დროს ცივი იარაღით დაჭრეს.

გიორგი ადუაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში განუცხადეს, დაჭრილს იღლიის არეში 2 და ფეხის არეში 4 ჭრილობა აღენიშნებოდა. ჭრილობა ბასრი საგნით არის მიყენებული. დაჭრილის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

მომხდარის მოტივი უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, საქმეში გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის, უახლოესი მეგობრები ფიგურირებენ.

თვითმხილველების დაკითხვა პოლიციის განყოფილებაში ამ წუთებშიც მიმდინარეობს.