ბესელია – “ოცნებიდან” წამოსვლის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო”

ბესელია - "ოცნებიდან" წამოსვლის პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო"არა მხოლოდ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, არამედ სხვა გეგმებთან დაკავშირებითაც მიდის მოლაპარაკებები, – ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელია არ აკონკრეტებს, რა გეგმებზეა საუბარი. მისი განცხადებით, უმრავლესობის დაშლის პროცესი შეუქცევადია და გაგრძელდება. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ზვიად კვაჭანტირაძე ერთ-ერთია, ვინც მასთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას.

“რაც ახლა პარლამენტში ხდება, ძალიან საინტერესო და სასარგებლო პოლიტიკური პროცესია. ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება. ზვიად კვაჭანტირაძეს რაც შეეხება, ის ჩემი თანამოაზრეა. ჩვენ გვქონდა საუბარი მის წასვლამდე და შემიძლია გითხრათ, რომ ის ჩვენთან ერთად იქნება ამ პროცესში, როგორც გამოცდილი თანამებრძოლი, ძალიან კარგი დიპლომატი და მისი შესაძლებლობები ძალიან საჭირო იქნება ამ ბრძოლისთვის, რაც სამართლიანობის იდეის ქვეშ ერთიანდება. ყველასთან ვაგრძელებ კონსულტაციებს, ვისთანაც შეიძლება მოიაზრებოდეს ამ იდეის ირგვლივ თანამოაზრეობა.

არაერთი ადამიანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ფიქრობენ. ამიტომ შეგნებულად ვერიდები წინმსწრებად რაიმე განცხადება გავაკეთო ჩემს რომელიმე კოლეგასთან მიმართებაში. უმრავლესობიდან გამოსვლის პროცესი დასრულებული არ არის, ეს ჯერ მხოლოდ დაიწყო და შეუქცევადი პროცესია. შესაძლებელია, ამ ძალთა გადანაწილებამ ბევრი რამ შეცვალოს სასიკეთოდ. არამხოლოდ ფრაქციასთან დაკავშირებით, არამედ სხვა გეგმებთან დაკავშირებითაც მიდის მოლაპარაკებები. ძალიან ბევრი თანამოაზრე გამოჩნდა პარლამენტს გარეთ,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იპნ