თემურ უგულავამ აჭარაბეთის 51% 349 მილიონ ლარად გაყიდა

თემურ უგულავამ აჭარაბეთის 51% 349 მილიონ ლარად გაყიდასაქართველოს აზარტული თამაშების ბაზარზე ირლანდიური გიგანტი Paddy Power Betfair-ი შემოვიდა. გარიგება, რომელიც შესაძლოა 2019 წლის ყველაზე დიდი ბიზნეს ტრანზაქცია იყოს, 115 მილიონ ევროს, ანუ 349 მილიონ ლარს შეადგენს. მას Adjarabet-ის 51%-იანი წილისთვის კომპანიის დამფუძნებელი თემურ უგულავა მიიღებს.

გარიგება მხოლოდ ქართულ ბაზარს არ ეხება, Paddy Power Betfair-მა შეიძინა Adjarabet-ის სომხური ფილიალი – adjarabet.am-ი, რომელიც 2017 წელს ამოქმედდა და რომელსაც სოხმეთის ონლაინ გემბლინგის ბაზრის 10% უჭირავს.

საკონტროლო პაკეტთან ერთად, Paddy Power-ი “აჭარაბეთის” დანარჩენი წილების შეძენასაც გეგმავს. ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში კომპანიის დანარჩენი წილების გამოსყიდვაც იგეგმება. წილების 49%-ის სანაცვლოდ, “აჭარაბეთის” დამფუძნებელი ან ნაღდ ფულს, ან Paddy Power Betfair-ის შესაბამისი ღირებულების აქციებს მიიღებს. სავარაუდოდ, მთლიანი გარიგების ღირებულება 225 მილიონი ევრო, ანუ 685 მილიონი ლარი იქნება.

PADDY POWER BETFAIR-ის შესახებ

კომპანია 2015 წლის 8 სექტემბერს ირლანდიური ბუკმეკერის Paddy Power-ისა და აზარტული თამაშების ირლანდიური კომპანია Betfair-ის შერწყმის შედეგად შეიქმნა. დღეს კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე არის წარმოდგენილი და მისი საბაზრო კაპიტალიზაცია (ყველა აქციის ჯამური ღირებულება) £4,9 მილიარდს, ანუ $6.44 მილიარდ დოლარს აღემატება.

კომპანიის შემადგენლობაში შედის აშშ-ის ონლაინ-ტოტალიზატორების ბაზრის (daily fantasy market) ერთერთი უმსხვილესი მოთამაშე FanDuel-ი. Paddy Power Betfair-ი ასევე ფლობს ავსტრალიის უმსხვილეს ბუკმეიკერს – Sportsbet.com.au-ს, სპორტულ ტელეკომპანია TVG-ის და გემბლინგის თითქმის ყველა სახეობის წარმომადგენელ კომპანიებს ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

2017 წლის განმავლობაში Paddy Power Betfair-ის მთლიანი შემოსავალი £1.75 მილიარდი, ანუ $2.28 მილიარდი დოლარი იყო. კომპანიამ აღნიშნულ წელს $511 მილიონის საოპერაციო მოგება და $284 მილიონის წმინდა მოგება ნახა. კომპანიის დასაქმებულთა რაოდენობა 7000-ს აღემატება.

კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში – FTSE 100-ში ივაჭრება, მისი ერთი აქციის ღირებულება 6.43 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. “აჭარაბეთის” შეძენის შესახებ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, კომპანიის აქციები 0.2 გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.

Paddy Power Betfair-ის CEO-მ პიტერ ჯექსონმა “აჭარაბეთის” შეძენასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ ეს კომპანიის გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის ნაწილია. კომპანია კავკასიის რეგიონში საკუთარი საქმიანობის გაღრმავებას გეგმავს.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გარიგების შედეგად, “აჭარაბეთი” ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოხვდება, რაც კომპანიის აქტივების Paddy Power Betfair-თან შერწყმით იქნება განპირობებული.

2018 წელს “აჭარაბეთის” შემოსავალი 215 მილიონი ლარი, საოპერაციო მოგება კი 68 მილიონი ლარი იყო. კომპანიას ქართული აზარტული თამაშების ბაზრის 40%-იანი წილი უჭირავს.

თემურ უგულავამ აჭარაბეთის 51% 349 მილიონ ლარად გაყიდა

თემურ უგულავა