ლაურა ღაჭავა – “მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და 250 ადამიანი უმუშევარი დარჩა”

ლაურა ღაჭავა - "მთავრობამ სამკერვალო ქარხანა გამიჩერა და 250 ადამიანი უმუშევარი დარჩა"ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა სამკერვალო ქარხნის დახურვაზე აცხადებს, რის შედეგადაც 250 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. მიზეზად ღაჭავა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ასახელებს.

კერძოდ, მისი თქმით, ჯერ კიდევ დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში მუხრან ბაგრატიონს სასათბურე პირობები შეუქმნეს. მან პროექტ „დამზადებულია საქართველოში“ ფარგლებში, აიღო სესხი, რომელსაც 2 წელი არ ემსახურება, შემოიყვანა ბალტიისპირეთიდან ინვესტორები და მათ გადაიბირეს მთავარი დამკვეთი „მონკლერი“.

“ახლა მოდაში კალაძე, ბაგრატიონი და სხვები არიან, ნაცვლად იმისა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალ ბიზნესმენს ხელი შეუწყონ, პირიქით ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით, 12 მილიონი სესხი მაქვს აღებული სწორედ ამ ქარხნის გამო და 3.5 მილიონი კიდევ გადასახდელი მაქვს “თიბისი ბანკისთვის”, ახლა კი ჰაერში ვარ”, – აცხადებს ლაურა ღაჭავა.

მისივე თქმით, “მოკლერი” მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო, სხვა კონტრაქტები კი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. უწევდა მკერავების ტრანსპორტირების, კვების, დაზღვევის უზრუნველყოფა – “7 წელია ქარხანა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიცია მუდმივად უკან ბრუნდებოდა”.

ღაჭავას თქმით, ამ ფაქტის გამო გაოგნებულები არიან მისი პარტნიორებიც, მათ შორის გერმანელი და პოლონელი დამკვეთები, რომლებისგან ახალი შეკვეთის მიღებას ელოდა, თუმცა მათ საქართველოში ვიზიტი გადადეს, რასაც “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

“ახალ მინისტრთან შეხვედრა არ მქონია, რა აზრი აქვს. ვფიქრობ და სამწუხაროდ, გამოსავალს ვერ ვპოულობ”, – აღნიშნავს ბიზნესმენი.

ბიემჯი