“გუდვილმა” კრედიტორთა დავალიანება 42 მილიონი ლარიდან 20 მილიონამდე შეამცირა.
ამის შესახებ Bm.ge-ის შპს “ბიზნესქეარ კორპორეიშენის” დამფუძნებელმა ნოდარ პაპუკაშვილმა განუცხადა, რომელიც “გუდვილის” რეაბილიტაციის საქმის მმართველია.
მისი განმარტებით, პროცესი გეგმის თანახმად, მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 2022 წლისთვის ყველა კრედიტორის დავალიანება დაფარული იქნება.
კრედიტორთა რიცხვი ამ ეტაპზე 500-ს შეადგენს.
“გასულ წელს ჩვენ გავისტუმრეთ კერძო პირის გიორგი მახათაძის დავალიანება, რაც ერთ მილიონ ლარს შეადგენდა, გარდა ამისა, დავიწყეთ არაუზრუნველყოფილი კრედიტორების დავალიანება, რაშიც ,,გუდვილმა“ გასულ წელს 4 მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა.
დარჩენილი 20 მილიონი ლარი ეტაპობრივად 2022 წლის ჩათვლით დაიფარება, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ ეს გრაფიკი დაკორექტირდეს და კომპანიამ უფრო ადრეც მოახერხოს კრედიტორების გასტუმრება, რადგან ,,გუდვილი“ ფუნქციონირებს და ვითარდება“, – განუცხადა Bm.ge-ს ნოდარ პაპუკაშვილმა.
მისივე განმარტებით, კომპანია “გუდვილი” რეაბილიტაციის რეჟიმში 2014 წლიდან მუშაობს.

