ქობულეთში, სასტუმრო “არმაზის” საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. სასამართლოს ცნობით, სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან გელოვანმა მიიღო.
”ბათუმელების” ცნობით, მან ზაზა ართმელაძე დამნაშავედ ცნო სასჯელის შეფარდების გარეშე.
საქმის განხილვა ოთხი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადაწყვეტილების გამოცხადების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.
დაცვის მხარის თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან ართმელაძეების ოჯახის უდანაშაულობას დამტკიცებას ელოდნენ.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ მსჯავრდებულის ახლობლებმა უკმაყოფილება ხმაურიანი შეძახილებით გამოხატეს. რამდენიმე მათგანი ცუდად გახდა და სასამართლოს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის გამოძახება მოუხდა.
შეგახსენებთ, რომ ქობულეთში ოთხი წლის წინ სასტუმრო “არმაზში” ხანძარმა სამი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა. სასტუმროს მეპატრონე ზაზა ართმელაძე სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ქობულეთში სასტუმრო ”არმაზის” ერთ-ერთმა მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თავი ჩამოიხრჩო

