„1 აპრილი რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც” – პოლიციამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე გამოკითხა

„1 აპრილი რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც” - პოლიციამ დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი ლევან ჩხეიძე გამოკითხაპოლიციის მთავარ სამმართველოში დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატი, ლევან ჩხეიძე, გამოკითხეს. საქმე ეხება ანა ბაგრატიონ-გრუზინსკის მიერ ყოფილი მეუღლის ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებას.

ლევან ჩხეიძე პოლიციის მთავარ სამმართველოში ადვოკატ კახა წერეთელთან ერთად იმყოფებოდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კახა წერეთელმა განუცხადა, ლევან ჩხეიძის პოლიციის განყოფილებაში დაბარება მის მიერ გაკეთებულ სატელევიზიო კომენტარებს უკავშირდებოდა.

„გამოკითხვა ეხებოდა გარკვეულ პროცესუალურ საკითხებს. ამ შემთხვევაში გამოძიებას აინტერესებდა, რამდენად იყო ხელმისაწვდომი საქმის მასალები ადვოკატ ლევან ჩხეიძისთვის. ბუნებრივია მან მისცა განმარტება, რომ საქმის მასალებზე მას არანაირი წვდომა არ აქვს. საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე, რის შესახებაც ლევან ჩხეიძეს ჰქონდა გარკვეული კომენტარები გაკეთებული სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში და ამის გამო შეკითხვები გაუჩნდა გამოძიებას, ხომ არ ჰქონდა ლევან ჩხეიძეს წვდომა საქმის მასალებზე, რაზეც ამომწურავი პასუხი გაეცა, რომ მას ამ ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა“, – განაცხადა კახა წერეთელმა.

თავად ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ საამართველოში შესვლამდე განაცხადა, რომ ადვოკატის საქმეზე მოწმედ დაბარება არის წარმოუდგენელი რამ.

„1 აპრილი რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, რომ მეხუმრებოდა ვიღაც. მაგრამ 5 აპრილი, მგონი, ხუმრობის დღე არ არის. ეტყობა, გამოძიებას ისე უჭირს, არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია და ჩემგან უნდათ მტკიცებულებები ამოიღონ,“ – განაცხადა ლევან ჩხეიძემ პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე.

„მოვახდინე ერთი განცხადება, რომ, თითქოს, ჩვენ არავინ დაგვკავშირებია-მეთქი. უბრალოდ, ახლა, ასე დეტალებში აღარ მოვყევი და ვიგულისხმე ის, რომ ჩვენ თავიდან მართლა დაგვიკავშირდნენ გამოკითხვასთან დაკავშირებით, მერე ეს დაკითხვა გადაიდო იმიტომ, რომ ქალბატონი ანა იკითხებოდა დანარჩენი სამი დღის განმავლობაში და ამის შემდეგ უკვე აღარავის დავუბარებივართ.

გავრცელდა საიდანღაც ინფორმაცია, თითქოს, მე ჩამივარდა ხელში სისხლის სამართლის საქმის მასალები. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს და აღნიშნული განვუმარტე გამოძიებას იმიტომ, რომ ის მტკიცებულებები, პრაქტიკულად, რომელიც მე ხელთ მაქვს, ნაწილი მტკიცებულებები ფიგურირებს სამოქალაქო საქმეში და ეს მტკიცებულება ფიგურირებს ტიტულების გაყიდვის საქმეში და ქონების გაყიდვის საქმეში. აბსოლუტურად არარელევანტული დასკვნაა ორივე საქმეში და მოწინააღმდეგე მხარემ ასე ჩათვალა საჭიროდ და წარმოადგინა,“ – განაცხადა ლევან ჩხაიძემ.

აღსანიშნავია, რომ ლევან ჩხაიძის დაცვის ქვეშ მყოფი დავით ბაგრატიონ-მუხრანელი საქართველოდან რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა და შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე ის დაკითხული არ არის.