ბათუმში მიქელაძეებს მიწას იძულებით ჩამოართმევენ

ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო საავტომობილო გზების დეპარტამენტს რამდენიმე მოქალაქის უძრავი ქონების ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით ან მის გარეშე) უფლება მიენიჭა.

საპროექტო საგზაო მონაკვეთი იწყება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის მე-80 კილომეტრთან, დაბა ხულოს მახლობლად, გაივლის რამდენიმე სოფელზე და მთავრდება საავტომობილო გზის 110-ე კილომეტრზე, გოდერძის უღელტეხილისკენ მიმავალ აღმართზე.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მომზადდა განსახლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებულია პროექტის ზემოქმედების არეალში მოქცეული უძრავი ქონების მესაკუთრეებისთვის ქონების ღირებულებისა და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურების საკითხი. თუმცა, მოლაპარაკების წარმოების მიუხედავად, უძრავი ქონების ნებაყოფლობით გამოსყიდვის შესახებ რამდენიმე მოქალაქესთან შეთანხმება ვერ მოხერხდა.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში ექცევა და ექსპროპრიაციას დაექვემდებარება: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2 500 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონება, რომლის თანამესაკუთრეებიც არიან: აზა მიქელაძე, თამარა მიქელაძე, ლეო მიქელაძე, ნათია მიქელაძე, ნანა მიქელაძე, ნიკა მიქელაძე, ნინიკო მიქელაძე და რამაზ მიქელაძე. საექსპროპრიაციო ფართი კი – პროექტის არეალში მოქცეული 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული უძრავი ქონებაა.

ასევე შეთანხმება ვერ მოხერხდა: ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიაკონიძეებში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 000 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საექსპროპრიაციო ფართი 40 კვ.მ.) მესაკუთრესთან როინ სოლომონიძესთან; ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში, 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 1 502 კვ. მ. მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა/ნაგებობის მფლობელებთან – თეონა, მინდია და ნათია შავაძეებთან; ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1200 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული უძრავი ქონების მესაკუთრესთან გოჩა პაქსაძესთან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი