სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა 1 თვეში 40%–ით გაიზარდა

სესხის გამცემი სუბიექტების რაოდენობა 1 თვეში 40%–ით გაიზარდაეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოში, მიმდინარე წლის მარტში, 124 სესხის გამცემი სუბიექტია რეგისტრირებული.

სესხის გამცემი სუბიექტების სებ–ში რეგისტრაცია სავალდებულო მიმდინარე წლიდან გახდა. არსებული სტატისტიკის მიხედვით, იანვარში ასეთი 11 სუბიექტი იყო, თებერვალში მათი რაოდენობა უკვე 75–მდე გაიზარდა, მარტში კი 124–ია დარეგისტრირებული.

რაც შეეხება სხვა ფინანსურ ინსტიტუტებს, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2019 წლის მარტის მდგომარეობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში კომერციულ ბანკებს, საერთო ჯამში ერთით მეტი, 135 ფილიალი და 16–ით ნაკლები, 793 სერვის–ცენტრი აქვთ. ქვეყანაში 15 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს.

გარდა ამისა, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების რაოდენობა 8–დან 2-მდე შემცირდა.

რაც შეეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, მათი რაოდენობა 61–ია, რაც გასული წლის მარტთან შედარებით 12–ით ნაკლებია.

144 ერთეულით შემცირებულია ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რაოდენობა – გასული წლის მარტში ასეთი 1118 ობიექტი იყო, 2019 წლის მარტში კი – 974.

ბიემჯი