ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყო

ჯონ როკფელერი ბილ გეითსზე სამჯერ მდიდარი იყოსააგენტო Bloomberg-მა წარსულის ზოგიერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ქონება მილიარდერების თანამედროვე რეიტინგების ლიდერთა შემოსავლებს შეადარა, რისთვისაც ეკონომისტ სემუელ უილიამსონის მეთოდოლოგია გამოიყენა. უილიამსონმა სერვისი Measuringworth.com შექმნა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ამა თუ იმ ადამიანის ქონების, სახელმწიფოს მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) თანაფარდობა.

მაგალითად, ნევთობის მაგნატმა ჯონ როკფელერმა, რომელიც 1937 წელს გარდაიცვალა, იმ დროისთვის 1,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც თანამედროვე დოლარებზე გადათვლით 26 მილიარდი დოლარია. თუმცა, 1937 წელს 1,5 მილიარდი დოლარი აშშ-ის მშპ-ს დაახლოებით 1,6%-ს უდრიდა. ამ თანაფარდობიდან გამომდინარე როკფელერის ქონების შეფასება 331 მილიარდ დოლარად შეიძლება.

ამგვარად, როკფელერი იყო სამჯერ უფრო მდიდარი, ვიდრე Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი, რომლის ქონებასაც Bloomberg-ი 103 მილიარდ დოლარად აფასებს.

Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსიც, რომელსაც Bloomberg-ი მსოფლიოში ყველაზე მდიდარ ბიზნესმენად მიიჩნევს (116 მილიარდი დოლარი), ასევე უიმედოდ ჩამორჩება წარსულის მდიდრებს, თუკი მათი ქონება ამ მეთოდოლოგიით შეაფასდება. მაგალითად, გემთმშენებელ და სარკინიგზო მაგნატ კორნელიუს ვანდერბილტს, რომელიც 1877 წელს გარდაიცვალა, 238 მილიარდი დოლარი ექნებოდა.

ბეზოსს და გეითსს უსწრებს ასევე რომაელი კონსული მარკუს ლიცინიუს კრასუსი, რომელმაც სპარტაკის აჯანყება ჩაახშო. მისი ქონება დღეს 210 მილიარდი დოლარი იქნებოდა.

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სიებში საპატიო ადგილს დაიკავებდა რომაელი ეტლით მრბოლელი გაიუს აპულეუს დიოკლესი. თავისი კარიერის განმავლობაში მან 35,8 მილიონი სესტერცი (მისი საპრიზო თანხების მოცულობა მითითებულია მონუმენტზე, რომელიც გათხრების დროს აღმოაჩინეს) გამოიმუშავა. ამ ფულით ის ერთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ხორბლით მთელ რომს. თანამედროვე დოლარებში მისი ქონება 28 მილიარდად შეფასდებოდა.