დედა-შვილის, ნატო და გურამ კვეზერელების სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ყუფარაძეს სასამართლომ უვადო პატიმრობა შეუფარდა.
გამოძიების თანახმად, გურამ კვეზერელი ვასილ გოშაძემ და გიორგი ყუფარაძემ მოკლეს, წელიწადნახევრის შემდეგ კი გარდაცვლილის ცხედარს სამართალდამცველებმა კოჯორში, ყუფარაძის კუთვნილი სახლის ეზოში მიაკვლიეს.
მკვლელობის შემდეგ დამნაშავეებმა კვეზერელების საცხოვრებელი სახლიდან 12.000 დოლარი, ცეცხლსასროლი იარღი და ძვირფასი ნივთები წაიღეს. არსებული ინფორმაციით, გიორგი ყუფარაძე და გიორგი გოშაძე წარსულში არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურირებდნენ.
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედა-შვილის, ნ.კ.-ს და გ.კ.-ს განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“, მეორე ,,ე“, და მესამე ნაწილის ,,ა“, ,,ე“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ გ.ყ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. კერძოდ, პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური კვალი, მათ შორის ბრალდებულის დნმ, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2014 წლის 14 დეკემბერს, ბრალდებულმა გ.ყ.-მ თანამზრახველთან ერთად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით დაგეგმა და განახორციელა დედა-შვილის ნ.კ.-ს და გ.კ.-ს მკვლელობა. ბრალდებულმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ გ.კ.-ს გვამი კასრში მოათავსა და მისი დაშლის მიზნით ქიმიური ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც დამარხა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში.
სამართალდამცველებმა გ.ყ. საბერძნეთის ტერიტორიაზე 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს, რის შემდეგაც მის მიმართ ხორციელდებოდა საექსტრადიციო პროცედურები, რაც ქართული მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებით დასრულდა და გ.ყ-ს ექსტრადირება 2018 წლის 30 ნოემბერს განხორციელდა.
დედა-შვილ კვეზერელების მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ყუფარაძე საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

