ლევან მურუსიძე – “აბსურდია, რომ ივანიშვილს სამხარაულის დასკვნის საკითხზე შევხვდი”

ლევან მურუსიძე - "აბსურდია, რომ ივანიშვილს სამხარაულის დასკვნის საკითხზე შევხვდი"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლევან მურუსიძე პასუხობს.
– ბატონო ლევან, დიდი ხმაური მოჰყვა რუსთავი 2-ის სიუჟეტს. საუბარია, რომ სწორედ თქვენ გააცანით ბიძინა ივანიშვილს სამხარაულის დასკვნა, რომელმაც ივანიშვილი მდგომარეობიდან გამოიყვანა, ოქრუაშვილის დაპატიმრების ბრძანება გასცა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დახურვით დაემუქრაო. ადასტურებთ ამ ყველაფერს?
– საიდან მოგაქვთ ამდენი ცრუ ინფორმაცია, ამდენი სიბინძურე. ან ოქრუაშვილის საქმეზე მე რატომ მირეკავთ. მე შვებულებაში ვარ და საქართველოში არ ვიმყოფები.
– როდის შეხვდით ბოლოს ბიძინა ივანიშვილს?
– მე ადრეც მაქვს თქვენს ინტერვიუში ნათქვამი, შევხვდი 2013 წელს, როდესაც იყო. ეს იყო ღიად და საჯაროდ.
– ამ ბოლო დღეებში ივანიშვილს არ შეხვედრიხართ, მასთან სამხარაულის დასკვნის შესახებ არ გისაუბრიათ, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ოქრუაშვილი სიმართლეს ამბობს და ხელმოწერა გაყალბებული არ არის?
– ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება. როგორი თემაა, იცით? მე მაქვს შეგრძნება, რომ ზოგადად ეძებენ სკანდალს და რადგანაც ჩემ მიმართ ამდენი წლის განმავლობაში უსამართლოდ მიდის ლანძღვა-გინება, შეურაცხყოფას მაყენებენ წლების განმავლობაში, გამოდიან უპასუხისმგებლო ადამიანები და ისეთ თემას მაბრალებენ, რომლის დამტკიცებაც გამორიცხულია და საერთოდ ვერ მოძებნი ვერავის, ვინც ამას დამიდასტურებს.
წლების განმავლობაში მაყენებენ შეურაცხყოფას. მე არ ვიმყოფები საქართველოში და არავითარი შეხება ამ საქმეებთან არ მაქვს. მეტ კომენტარს მე ვერ გავაკეთებ.
– არ ადასტურებთ სიუჟეტში გასულ ინფორმაციას?
– გითხარით, რომ არ მაინტერესებს ეგ სიუჟეტი, ეს არის სიბინძურე! ფიქრობენ, რომ საზოგადოებაში რახან ლევან მურუსიძის სახელს ვახსენებთ, ე.ი. ჩვენ პატიოსნები ვართ, ჩვენ სმართლეს ვლაპარაკობთ და მურუსიძე ცუდია.
ყველა საკითხთან ჩემი სახელის ხსენება ცოტა არადამაჯერებელია. ეს ყველაფერი არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია, რომელსაც არავითარი საფუძველი არა აქვს და მე ამ საკითხთან დაკავშირებით მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
– ანუ ამტკიცებთ, რომ ივანიშვილი 2013 წლის მერე არ გინახავთ? ასე რომ არ აღმოჩნდეს?
– არ მინახავს! ის შეხვედრაც იყო ღია, მაშინ ვიყავი საბჭოს მდივანი და რაც ის შეხვედრა გვქონდა ოფიციალური, იმის შემდეგ მასთან არანაირი შეხვედრა არ მქონია.
– რას იტყვით ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შესახებ? თქვენ ხომ მოსამართლე ხართ, საუბარია, რომ ის უკანონოდაა დაკავებული და რომ ის ივანიშვილის პირადი პატიმარია.
– რა შუაში ვარ მე? ოქრუაშვილის საქმეზე მე რატომ უნდა გავაკეთო კომენტარი?! მე რა შუაში ვარ?!
– როგორ თუ რა, დღესაც თქვენზე დგას ეს სასამართლო.
– მე ვარ რიგითი მოსამართლე, ვმუშაობ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და საერთოდ არ მეხება სისხლის სამართლის საქმეები. საერთოდ წარმოდგენა არა მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით და საერთოდ არა ვარ ადრესატი ამ თემის. ამიტომ ვერაფერს გეტყვით ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
შვებულებაში ვარ, არ ვიმყოფები საქართველოში, არ ვარ სისხლის სამართლის მოსამართლე, ვარ რიგითი მოსამართლე და არ მიკავია არავითარი თანამდებობა.
– თქვენ გაამწესეთ უვადოდ ეს მოსამართლეები და ამიტომ მოდის თქვენთან ეს კითხვები. არ არის გამართლებული მათი უვადოდ დანიშვნა, რადგან არ გამოაქვთ ობიექტური გადაწყვეტილებებიო.
– მე შემიძლიათ გითხრათ ერთი რაღაცა. ყველაზე დიდი ამბები ატეხილი იყო რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით და წლების განმავლობაში სასამართლოს აგინებდნენ და ლანძღავდნენ ე.წ. რუსთავი 2-ის საქმეზე.
საბოლოო ჯამში სტრასბურის სასამართლომ გამოიტანა სწორედ ისეთი გადაწყვეტილება, სადაც მან თქვა, რომ ქართული სასამართლოები მუშაობენ კარგად. თანაც ისეთ საქმეზე, რომლის გამოც ჩვენი სასამართლო ყველაზე მეტად გაილანძღა. აი, ეს არის ჩემი პასუხი თქვენს კითხვაზე და მოსამართლეების დანიშვნა-არდანიშვნაზე.
რაც შეხეება ოქრუაშვილის საქმეს, წარმოდგენაც კი არა მაქვს, რას მეკითხებით, რადგან ვარ შვებულებაში და არ ვიმყოფები საქართველოში.
– ოქრუაშვილი ამტკიცებს, რომ მისია რუსთავი 2.
– არ ვიცი, მე ვერ გეტყვით ვერაფერს. წარმოდგენა არა მაქვს და საერთოდ არაფერი არ ვიცი ამ თემაზე.
– ცოტა დაუჯერებელია, რასაც ამბობთ.
– თქვენი უფლებაა, დაიჯერებთ თუ არა. მე ამ თემასთან არასოდეს შეხება არ მქონია.
– რაც სასამართლოში ხდება, ყველა გზა მურუსიძემდე მიდისო.
– ეს ასე არ არის! ტყუილად სვრიან ჩემს სახელს ლაფში და მაბრალებენ ათას სიბინძურეს. ერთი რიგითი მოსამართლე ვარ!

კოტე კემულარია – “ოქრუაშვილის საქმეზე ივანიშვილმა მურუსიძე დაიბარა”