ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავს

ეროვნული ბანკი სასადილოს მოსაწყობად 865 000 ლარს დახარჯავსსაქართველოს ეროვნულმა ბანკმა, სასადილოს მოწყობის მიზნით, სათაო ოფისის შენობის სარეკონსტრუქციო-სარემონტო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 865 000 ლარია, – ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ წერს.

გამოცემას ეროვნულ ბანკში (სებ) განუცხადეს, რომ სამზარეულო, თბილისში, სანაპიროს ქუჩა N2-ში მდებარე იუსტიციის სახლის შენობაში მოეწყობა, სადაც დღეს, ეროვნული ბანკია განთავსებული.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაგეგმილია შენობის მეოთხე სართულზე ერთ სივრცეში არსებული სამი ოფისის გაერთიანება და ამ ფართობზე საინჟინრო კომუნიკაციების ადაპტირება. ასევე ამ ოფისების მომიჯნავედ შენობის ღია სივრცეში ე.წ. სოკოს ქვეშ სამზარეულოს ლიფტის, ცივი საამქროს, სამრეცხაოს, გასაცემი ხაზის და კაფეს მოწყობა.

სასადილოს მოწყობის მიზნით, ტენდერის გამოცხადებამდე, ეროვნულმა ბანკმა ახალი სათაო ოფისის მშენებლობის შესახებ განაცხადა. სებ-ი ახალი ოფისის მშენებლობას კადრების და ფუნქციების ზრდით ამართლებს.

სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ტექნიკური დავალების თანახმად, ეროვნული ბანკის ახალი სათაო ოფისის მშენებლობის სავარაუდო ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს. A კლასის ახალი სათაო ოფისის შენობის სამშენებლო ფართი კი დაახლოებით 17 000 მ2-ია და ის ცირკის შენობის მიმდებარედ უნდა აშენდეს. ახალი სათაო ოფისის პროექტირების პროცესისა და სამშენებლო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ეროვნულმა ბანკის მიერ გამოცხადებული სატენდერო თანხა 2 460 000 ლარია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით „ფეისბუკზე“ კამპანია დაიწყო. გვერდს, რომელიც ანონიმურია და როგორც ჩანს, ლარის ისტორიული გაუფასურების ფონზე შეიქმნა (პირველი პოსტი 7 აგვისტოს არის გამოქვეყნებული), „უცოდინრობა როგორც დანაშაული“ ჰქვია და გვენეტაძის „არასწორი საქმიანობის და დამაზიანებელი გადაწყვეტილებების“ შესახებ მომხმარებლების ინფორიმირებას ცდილობს.

იმედინიუსი