ერთ წელიწადში 235 მილიონი პრემია-დანამატებში დაიხარჯა

ერთ წელიწადში 235 მილიონი პრემია-დანამატებში დაიხარჯადეკლარირებული “ქამრების შემოჭერის პოლიტიკის” მიუხედავად, ბიუროკრატიული ხარჯები (ხელფასები, პრემია-დანამატები, სამივლინებო) წლიდან წლამდე იზრდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გაასაჯაროვა მონაცემები, რომელთა მიხედვით, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735,3 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა 47,5 მილიონი ლარით აღემატება შარშანდელ იმავე პერიოდის მაჩვენებელს. მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106,4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2,9 მილიონი ლარი შეადგინა. შტატგარეშე შრომის ანაზღაურება 111,2 მილიონი ლარი დაგვიჯდა. ამას გარდა, წლეულს 6 თვეში საჯარო მოხელეებმა მივლინებებში 40,7 მილიონი ლარი დახარჯეს, რაც შარშანდელზე 3 მილიონით მეტია.

“მინისტრები აღარ, მაგრამ ახლა მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატს”

მარიამ მაისურაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი: არც ერთი უწყება არ აკეთებს ანგარიშგებას, რა სარგებელი მოუტანა ქვეყანას ან უწყებას, ადგენენ მხოლოდ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელ მივლინებაში რა დაიხარჯა.

ჩვენ გამოვიკვლიეთ და ივნისის თვეში წარმოვადგინეთ რამდენიმე გუბერნატორის ავტოპარკისა და საწვავის ხარჯები. როგორც აღმოჩნდა, იმ თანხებით, რაც 2017-2018 წლებში საწვავში დაიხარჯა, შესაძლებელი იყო დედამიწისთვის რამდენჯერმე შემოვლა. გუბერნატორებმა თავი გაიმართლეს, მაგრამ ეს ციფრები არანაირ რაციონალურ გათვლებში­ არ ჯდება.

– ხელფასები და პრემია-დანამატები, წინა წელთან შედარებით, 47 მილიონი ლარით არის გაზრდილი…

– “ქამრების შემოჭერის პოლიტიკა” ყოველ ჯერზე ფორმალურია. რეალურად ფინანსების ხარჯვა იგივე რჩება ან იმატებს. მაგალითად, საჯარო დაწესებულებებში პრემია გაუქმდა, სამაგიეროდ, ახლა დანამატი ჰქვია.­ რა მნიშვნელობა აქვს, რა დაერქმევა? 2018 წელს გამოვითხოვეთ დანახარჯები და აღმოჩნდა, რომ პარლამენტარებზე, ხელფასის გარდა, ყოველთვიურად გაიცემოდა დანამატები 5 და 3 ათასი ლარის ფარგლებში. სამინისტროებში, მინისტრები აღარ, მაგრამ ახლა მოადგილეები და დეპარტამენტის უფროსები იღებენ დანამატს. ჯამში, გასულ წელს საჯარო სამსახურებში მხოლოდ პრემია-დანამატებში 235 მილიონი დაიხარჯა.

ლევან ალაფიშვილი, ექსპერტი: – ერთია ხელფას-პრემიების მთლიანი ფონდი, მაგრამ თუ ამ ყველაფერს დავუმატებთ საჯარო მოხელეთა რიცხოვნობას, რომელიც ასევე ზრდადია, დავინახავთ უმთავრეს მოტივაციას, რატომ ვერ ელევა ხელისუფლება ამ ყველაფერს. ჩემი გათვლებით, სამინისტროებს თუ დავუმატებთ სახელმწიფო საწარმოებს, არასამეწარმეო იურიდიულ პირებს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტებსაც, საჯარო სექტორში მთლიანად 320 ათასი საჯარო მოხელეა დასაქმებული. ამ 320 ათას საჯარო­ მოხელეს ოჯახში თითო წევრი მაინც ხომ ჰყავს? ეს კი ძალიან სერიოზული საარჩევნო რესურსია.

bpn. ge