კახა კონიაშვილი – “საქართველოში ყველის 80% არალეგალურად იწარმოება”

კახა კონიაშვილი - "საქართველოში ყველის 80% არალეგალურად იწარმოება"“კონტროლის არარსებობის გამო ქართული ყველი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადის”. ამის შესახებ bm.ge-თან რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში წარმოებული ყველის 80% არალეგალურად იწარმოება, რაც დარგის განვითარებას აფერხებს. კახა კონიაშვილი იმასაც ამბობს, რომ არალეგალური მწარმოებლების უკონტროლობა, ბაზარზე არასამართლიან კონკურენციას ქმნის, რაც ხელს უშლის ლეგალური მწარმოებლების საქმიანობას.

კონიაშვილი ამბობს, რომ არალეგალური ყველი ბაზარზე უფრო დაბალი ფასით იყიდება, ქვეყანაში კი, სადაც მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია, მომხმარებელი უპირატესობას არალეგალურად წარმოებულ ყველს ანიჭებს.

“საქართველო, როგორც ყველის მოხმარების კუთხით ერთ-ერთ მოწინავე ქვეყანა, აწარმოებს თავისი მოხმარების 20%-ს ლეგალურად, დანარჩენი საქართველოში წარმოებული ყველის 80% არალეგალურად იწარმოება. ეს ძალიან უშლის ხელს დარგის განვითარებას. თუ მთლიან ქვეყანაში აღდგება კონტროლი ფიზიკურ პირებზე და იმ მწარმოებლებზე, რომლებიც დღეს არალეგალურად აწარმოებენ რძესაც და რძის პროდუქტებსაც, მაშინ ჩვენ გაგვიჩნდება საშუალება, რომ ექსპორტი განვახორციელოთ სხვა ქვეყნებში.

ძირითადად ევროკავშირზეა საუბარი. დღეს ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ ეს კონტროლის მექანიზმი არ გვაქვს და ეს მთელი ციკლი შეკრული არ არის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ევროკავშირის ბაზარზე შევიდეთ რძის პროდუქტებით”-ამბობს რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კახაბერ კონიაშვილი.

ბიემჯი