კახეთში შეიძლება ყურძნის ფასი დაეცეს

წელს კახეთის რეგიონში ჭარბ, 250 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან, რამაც, შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე ყურძენზე, განსაკუთრებით კი თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, არსებული მოცემულობის შემთხვევაში, ღვინის ეროვნული სააგენტო მობილიზებულია, რომ მევენახეებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ და მოსავალი დაუბინავებელი არ დარჩეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე – რუსეთის ბაზარზე – ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო მოლოდინმა ნეგატიური ფონი გააჩინა.

ამასთან, სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გაძლიერებულია და ის, ისევე როგორც გასულ წელს, სუბსიდიის ფორმით მხარდაჭერას აღარ საჭიროებს.

„დარგში წინსვლა სახეზეა – გაშენებულია ახალი ვენახები, შექმნილია ახალი და გაფართოებულია ღვინის ძველი საწარმოები, ფუნქციონირებს აგროკრედიტის და აგროდაზღვევის სისტემა, გაზრდილია ღვინის ექსპორტის მოცულობა, საექსპორტო ბაზრები დივერსიფიცირებულია.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2019 წლის ივნისის ბოლოდან განვითარებული მოვლენების გამო, ქართული ღვინის ყველაზე მსხვილ საექსპორტო ბაზარზე ექსპორტის შემცირებამ და რუსეთის მხრიდან ქართული ღვინის იმპორტზე სანქციების შესაძლო დაწესების მოლოდინმა, შექმნა გარკვეული ნეგატიური ფონი, რამაც კერძო სექტორის აქტივობაზე უარყოფითი ზეგავლენის მოხდენის რისკი გააჩინა. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ – სახელწმიფო ყველაფერს აკეთებს, რომ როგორც მწარმოებლებს, ისე მევენახეებს მოსავლის რეალიზაციის პრობლემები არ შეექმნათ.

რთველის საკოორდინაციო შტაბში გამართულ შეხვედრაზე ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. წელს პირველად, 2019 წლის რთველის დროს, „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზნის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე მოხდება. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: 1 ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.

შეხვედრა, რომელსაც კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, თელავში, რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში, სასტუმროში ,,ღვინის სასტუმრო თელავი“ (The Wine Hotel Telavi, ალაზნის ქ. 97) განთავსდა.

სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501,” – ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი