ფიზიკური და სიტყვიერი ანგარიშსწორება ერაყის მოქალაქეზე. სამტრედიაში, სასულიერო პირთან ერთად, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ადამიანებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეს, სხვადასხვა ტიპის დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებულის ქართველი მეუღლე აცხადებს, რომ მათთვის უცნობი პირები, საკმაოდ აგრესიულნი იყვნენ, თუმცა მიუხედავად ხალხმრავლობის, მათ არავინ დახმარებია.
“ჩვენკენ მოდიოდა დიდი სისწრაფით პიკაპის მარკის ავტომობილი. იღება წინ კარი, ჩამოდის მაღალი სპორტული აღნაგობის მამაკაცი, რომელიც პირდაპირ, ყველანაირი სიტყვის თქმის გარეშე ეტაკება ჩემს ქმარს.
დაარტყა თავი ცხვირის არეში, წამოუვიდა სისხლი მეუღლეს. მერე კარი გაიღო, გადმოვიდა მამაო და მე რომ მამაო დავინახე, გამიხარდა, მეთქი აქ აღარაფერი მოხდება, დაწყნარდება ყველაფერი.
მამაო გადმოდის ძალიან მშვიდად, იჭერს ჩემს მეუღლეს, აკავებს ხელებით მაქსიმალურად და უკვე ეს ორი ბიჭი უსწორდება ჩემს მეუღლეს ფიზიკურად. ჩემმა ქმარმა სცადა, გაქცეულიყო, ესენი დაეწივნენ გზაზე, დააგდეს, დაეცა მეუღლე გზაზე და წიხლებით შედგნენ, – უთხრა ქეთი კამკამიძემ რუსთავი 2-ს.
დაზარალებულებმა თავად მიმართეს პოლიციას. თუმცა მათი თქმით, პოლიციას დამნაშავეები არც დაუკითხავს.
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
რუსთავი 2


