სამშენებლო მასალების კომპანია შპს „რაკოს“ დამფუძნებლის რამაზ ელიაშვილის განცხადებით, ლარის კურსის გაუფასურების გამო იმპორტირებულ პროდუქციაზე კომპანიაში ფასები კილოგრამზე 10-20 თეთრით გაძვირდა. შპს „რაკოს“ ძირითადი იმპორტიორი ბაზრები რუსეთი, ბელარუსი, ირანი, ჩინეთი და უკრაინაა.
ელიაშვილის განმარტებითვე, ჯერ სამშენებლო მასალების მაღაზიების დახურვის შემთხვევა არ ფიქსირდება, თუმცა ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენები ბიზნესის განვითარებას აფერხებს.
„ვინც იმპორტიორია და თანხას დოლარში იხდის, მან რა უნდა ქნას? თუ პროდუქციას არ გააძვირებს მოგებას ვერ ნახავს. უნდა ვიყიდოთ გავყიდოთ და ჩვენი შემოსავალი ყიდვა გაყიდვას შორის მოგებას შეადგენს. თუ ვიყიდით 100 დოლარად და 90 დოლარად გავყიდით, ზარალზე ვიმუშავებთ. ჩემ გარშემო ყველა იმპორტიორი აძვირებს.
ასევე, ადგილობრივ ბაზარზე ქვიშას, რომელიც რეგიონიდან ჩამოგვაქვს, საწვავი სჭირდება. შესაბამისად, ლარის კურსი საწვავზეც ახდენს გავლენას და საწვავის გაძვირების შემდეგ ქვიშაც ძვირდება. ლარის გაუფასურება ყველაფერზე აისახება, მათ შორის ადგილობრივ პროდუქციაზეც,“ – განაცხადა ელიაშვილმა.
იმპორტიორი მიიჩნევს, რომ ლარი უნდა დასტაბილურდეს და ერთ ნიშნულზე დადგეს, რადგან ბიზნესში ზუსტი გათვლები ჰქონდეთ და კონკრეტულად იმ ნიშნულზე იყვნენ ორიენტირებულები.
რამაზ ელიაშვილის თქმითვე, იმის გამო, რომ ბიზნესი კრიზისულ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ის გამოსავალს რეგიონებში განვითარებაში ხედავს და პირველ ადგილმდებარეობად გაფართოებისთვის ნატახტარს ირჩევს.
„თბილისში ამ ეტაპზე 2 ფილიალი გვაქვს, ხოლო ნატახტარში დამატებით ერთი ფილიალით შევალთ.
ფილიალების დამატებით გახსნა იმიტომ მინდა, რომ რასაც თბილისში შედარებით ნაკლებად ვყიდით, რეგიონები გაყიდვებში დაგვეხმარება. იმის გამო ვიბრძვით, რომ არ გავკოტრდეთ და პირიქით მყიდველი მოგვემატოს,“ – განაცხადა ელიაშვილმა.
ბიემჯი

