“გვაიძულებენ, 1 კვ მ მიწა 18 თეთრად გავყიდოთ” – რა ხდება სოფელ რენეში

"გვაიძულებენ, 1 კვ მ მიწა 18 თეთრად გავყიდოთ" - რა ხდება სოფელ რენეშიშიდა ქართლში, სოფელ რენეს მოსახლეობა ხელისუფლებას მუქარასა და შანტაჟში ადანაშაულებს.ადგილობრივები ამბობენ, რომ გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენლები მათ აიძულებენ, 1 კვ.მ მიწის ფართობი 18 თეთრის სანაცვლოდ დათმონ.

როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივმა მცხოვრებმა ალექსი მელაძემ განუცხადა, მოსახლეობის დიდ ნაწილს ხელშეკრულებებზე ხელი იძულებით უკვე მოაწერინეს, მათ კი დაემუქრნენ და უთხრეს, რომ სამართლებრივი დავის დაწყების შემთხვევაში ვერაფერს გახდებიან.

“არ დავთმობთ მიწებს ასეთ მიზერულ თანხად, ჩვენ კანონიერი მესაკუთრეები ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი უფლებები დავიცვათ. უკვე რამდენჯერმე იყვნენ გაზისა და ნავთობის კორპორაციის წარმომადგენლები და დააშინეს მოსახლეობა. მოვითხოვთ, ყურადღება მოგვაქციოს ქვეყნის ხელისუფლებამ, რადგან, დიდი ალბათობით საქმე გვაქვს კორუფციასთან”,-აცხადებს ალექსი მელაძე.

გაზისა და ნავთობის კორპორაციაში მოსახლების დაშინების ფაქტს უარყოფენ, თუმცა ადასტურებენ, რომ მათ ერთ კვადრატულ მეტრში ნამდვილად 18 თეთრს სთავაზობენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დაადგინა. კორპორაცია ლეხურა-სვენეთის მონაკვეთზე ცენტრალური გაზსადენის რეაბილიტაციას გეგმავს და მოლაპარაკებებს მიწების დროებით სარგებლობაში გადაცემაზე მოსახლეობასთან ამიტომ აწარმოებს.

 ნიუპოსტი