ირაკლი ქადაგიშვილი – “ყურძნის ფასი 70 თეთრზე იაფი არ იქნება”

ირაკლი ქადაგიშვილი - "ყურძნის ფასი 70 თეთრზე იაფი არ იქნება"კახეთში 2019 წელს დაახლოებით 250.000 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ამის შესახებ BM.GE-თან კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ყურძნის საშუალო ფასზე საუბარი წინასწარ რთულია, მაგრამ როგორც კახეთის გუბერნატორი ამბობს, ის წელს 70 თეთრზე დაბლა არ ჩამოვა.
“რთველი ახლოვდება მე ვფიქრობ, რომ კარგი რთველი გვექნება. ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი კილოგრამი და მტევანი ყურძენი ჩაუბარებელი.

რა თქმა უნდა, ბაზარი განაპირობებს ფასწარმოქმნას, მაგრამ მთავრობამ და ხელისუფლებამ გადავდგით ის ნაბიჯები, რომ ორდინალური ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და 70 თეთრზე დაბლა ამ ყურძნის ფასმა არ დაიწიოს.

დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის და ადგილწარმოშიბის ყურძნის ფასს თვითონ ბაზარი დაარეგულირებს. კარგ მოსავალს ველოდებით, დაახლოებითი მონაცემებით 250.000 ტონას ველოდებით”- აცხადებს კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, ყვარლის მუნიციპალიტეტში, აქცია გაიმართა. მევენახეები ყურძნის ფასს აპროტესტებენ. მათი თქმით, ერთი კილოგრამი რქაწითელის ფასი 70 თეთრია, რაც გაწეულ ხარჯებსაც ვერ ანაზღაურებს.

აქციის მონაწილეები ხელისუფლებას სთხოვენ, ღვინის კომპანიებთან უშუამდგომლონ, რისთვისაც ორდღიან ვადას აძლევენ.

“70 თეთრი თვითღირებულებასაც ვერ ანაზღაურებს. ეს ფასი ჩვენთვის მევენახეებისთვის მიუღებელია.მოვითხოვთ ხელისუფლებამ გვიშუამდგომლოს ღვინის კომპანიებთან და ერთი კილოგრამის ფასი 1 ლარზე ნაკლები არ იყოს. ეს არის გამაფრთხილებელი აქცია და თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საპროტეატო აქციებს გავაგრძელებთ“, – აცხადებენ ფერმერები.

ბიემჯი