კურტ ვოლკერი გადადგა – ტრამპი-ზელენსკის სკანდალი გრძელდება

კურტ ვოლკერი გადადგა - ტრამპი-ზელენსკის სკანდალი გრძელდებააშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში კურტ ვოლკერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას „სი-ენ-ენი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს ამ საკითხზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

კურტ ვოლკერი მოხსენიებული იყო სპეცსამსახურების თანამშრომლის იმ მოხსენებაში, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების საიდუმლო სატელეფონო ზარს ეხებოდა. ამ ზარის გამო აშშ-ში სკანდალი აგორდა და დემოკრატიულმა პარტიამ კონგრესში უკვე დაიწყო ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი. „სი-ენ-ენის“ ცნობით, კურტ ვოლკერმა შეათანხმა შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპის პირად ადვოკატ რუდი ჯულიანისა (ნიუ-იორკის ყოფილი მერი) და პრეზიდენტ ზელენსკის მრჩეველს ანდრეი ერმაკს შორის. ვოლკერი დაბარებულია კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზეც.

შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესის „დემოკრატმა” წევრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის თავისი ოპონენტის – ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

თეთრმა სახლმა ოთხშაბათს დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ ზელენსკის იმ სატელეფონო საუბრის სტენოგრამა გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის თხოვს, ყურადღება მიაქციოს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას. თუმცა, ჩანაწერში აშშ-ის სამხედრო დახმარების ან მისი შეწყვეტის შესახებ საუბარი არაა.

იპნ