კვირიკაშვილი – ”პოლიტიკაში წასვლას გამოვრიცხავ”

კვირიკაშვილი - ”პოლიტიკაში წასვლას გამოვრიცხავ”მე გამოვრიცხავ პოლიტიკაში წასვლას თავიდან, ბევრი მიზეზის გამო, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა „ტვ პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, უბრალოდ, მისი სურვილი არ არის, რომ პოლიტიკაში წავიდეს.

„მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკაში არის უფრო ახალგაზრდა თაობის დრო, ჩვენი შვილების თაობის. მე ვგულისხმობ ადამიანებს, ვინც 30 წელს მიაღწიეს ან 30-ს გადაცდნენ, გარკვეული წარმატება მოიპოვეს ცხოვრებაში და არიან გულანთებულები. ვფიქრობ, ასეთი ადამიანების დროა პოლიტიკაში“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება ეკა ბესელიასთან გუშინ ერთ-ერთ კაფეში შეხვედრას, კვირიკაშვილის განცხადებით, ბესელიას შეხვდა ქალაქის ცენტრალურ ადგილას და ვიღაცეებმა რატომღაც გადაწყვიტეს, ამისთვის დაერქმიათ საიდუმლო მოლაპარაკებები.

„მე არ ვიცი, ასეთ ადგილას როგორ შეიძლება, საიდუმლოდ ელაპარაკო ადამიანს. ეკასთან მქონდა ჩვეულებრივ, მიმდინარე საკითხებზე საუბარი. ის ძალიან გულგატეხილია და მგონია, რომ არაუსაფუძვლოდ. მის წინააღმდეგ ძალიან ბინძური კამპანია მიმდინარეობს და ის ნამდვილად არ იმსახურებს ამას“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილმა ასევე ისაუბრა მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში წასვლაზე. მისი თქმით, მთელი ეს ისტორია, რომ რაღაც დამოუკიდებელ პოლიტიკურ გაერთიანებას აპირებდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო, ნულოვანი საფუძვლის მქონე მოგონილი მითი კონკრეტული ადამიანების მხრიდან, რომელთაგანაც ნაწილს ჰქონდა ანაკლიის პროექტის შეჩერების სურვილი, ნაწილს მტრობის სურვილი, ნაწილს პოლიტიკური სურვილები და მიზნები.

„სხვათა შორის, ერთხელ მქონდა საუბარი ამაზე ხაზარაძესთან, როდესაც აგორდა ეს ჭორები, მაშინ, წელიწადნახევრის წინ მან თქვა, რომ ის იყო ძალიან მნიშვნელოვან პროექტში ჩართული და არანაირი განზრახვა, რომ პოლიტიკისკენ წასულიყო, არ ჰქონია. მეც ასე მგონია, რომ როცა ადამიანი ამხელა რაღაცაში ხარ, პოლიტიკაზე ალბათ არ უნდა იფიქრო. დღეს რაც ხდება, მე მგონია, რომ ის უბრალოდ, კედელთან მიაყენეს და იძულებული გახდა, რომ ეს ნაბიჯი გადაედგა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

იპნ

ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა – “ვნახულობ ხოლმე, როგორც მეგობარს”