მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდა

მუხიანის ყოფილი რადიოქარხანა თემურ უგულავამ 23,3 მლნ ლარად იყიდამუხიანში ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიის განვითარების პროექტი აუქციონზე 23 მლნ ლარად გაიყიდა. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტს კომპანია „ინდუსტრიული ქალაქი“ განახორციელებს.

„მუხიანში, ყოფილი რადიოქარხნის ტერიტორიაზე გვინდა განვავითაროთ პროექტი, რომელიც გლდანის, მუხიანისა და თემქისთვის ერთგვარი ახალი მიზიდულობის ცენტრი იქნება. აღნიშნული პროექტი გატანილი გვქონდა აუქციონზე და გვყავს გამარჯვებული კომპანია – „ინდუსტრიული ქალაქი“, რომელმაც ტერიტორია 23 მილიონ ლარად იყიდა.

უკვე გვაქვს კომპანია „კოლიერსის“ მიერ შემუშავებული კონცეფცია, რომლის მიხედვითაც, ამ კონკრეტულ ადგილზე უნდა მოეწყოს კვების ობიექტები, სავაჭრო სივრცეები, ღამის კლუბი, მულტიფუნქციური საკონცერტო, საგამოფენო, ფიტნეს და სხვა ტიპის სპორტული სივრცეები, საცურაო აუზი, სარეკრეაციო სივრცე, კინოთეატრები, გასართობი ცენტრი, მედიათეკა, მინი საბავშვო ქალაქი, მეცნიერებათა მუზეუმი, კულინარიის, სამუშაო-საწარმოო სივრცე და ა.შ.

ძალიან საინტერესო პროექტია. გამარჯვებული კომპანიაც საკმაოდ წარმატებულია. ეს არის ჯგუფი, რომელიც დედაქალაქში ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო ობიექტებს ფლობს, როგორებიცაა სასტუმრო „რუმსი“, „სტამბა“, „ფაბრიკა“ და ა.შ.“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

რეესტრის მიხედვით, შპს „ინდუსტრიული ქალაქი” 2019 წლის 19 ივნისს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%-იან წილს შპს „სითი ლოფტი” ფლობს, ხოლო მისი დირექტორი ~ვალერი ჩეხერიაა. თავად „სითი ლოფტი” კი 2011 წელს არის დაფუძნებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი თემურ უგულავაა. ამასთან, „სითი ლოფტი” „აჭარა ჯგუფის” რამდენიმე მსხვილ აქტივს, მათ შორის, „ფაბრიკას“ და სხვა ობიექტებს ფლობს.

ბიპიენი