ამერიკელების 45% ტრამპის იმპიჩმენტის მომხრეა, 41% – წინააღმდეგი

Reuters/Ipsos-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების 45 პროცენტი აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს უჭერს მხარს, რაც გასული კვირის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია.

ამავე კვლევამ აჩვენა, რომ 41 პროცენტი ტრამპის იმპიჩმენტს არ ეთანხმება, გამოკითხულთა 15 პროცენტს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კითხვაზე, რას ფიქრობდნენ იმ ინფორმაციის შესახებ, რის საფუძველზეც „დემოკრატებმა“ იმპიჩმენტის პროცედურისთვის საჭირო მოკვლევა დაიწყეს, გამოკითხულთა 43 პროცენტი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი წინასაარჩევნოდ ჯო ბაიდენის რეპუტაციის შელახვას ცდილობს, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 4 პროცენტით მეტია.

Reuters/Ipsos-მა ონლაინ კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21-30 სექტემბერს ჩაატარა. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 2,234 ადამიანი, რომელთაგან 944 „დემოკრატი“ და 855 „რესპუბლიკელი“ იყო.

25 სექტემბერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ “დემოკრატებმა” პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტისთვის საჭირო ფორმალური პროცედურა დაიწყეს. პროცედურის დაწყებას წინ უძღოდა კონგრესის “დემოკრატი” წევრების ვარაუდი იმის შესახებ, რომ 25 ივლისს გამართული სატელეფონო საუბრის დროს, დონალდ ტრამპი ვლადიმერ ზელენსკის პოლიტიკური ოპონენტის – ჯო ბაიდენისა და მისი ვაჟის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი უკრაინას სამხედრო დახმარების შეწყვეტით ემუქრებოდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი