გახარიას დოლარი ლარში აერია – რუსეთიდან ავიარეისების გაუქმებამ ბიუჯეტი არა 350 მლნ დოლარით, არამედ 350 მლნ ლარით დააზარალა

გახარიას დოლარი ლარში აერია - რუსეთიდან ავიარეისების გაუქმებამ ბიუჯეტი არა 350 მლნ დოლარით, არამედ 350 მლნ ლარით დააზარალასაქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ 26 ოქტომბერს, ზუგდიდში სტუმრობისას განაცხადა, რომ “ივლისში რეისების გაუქმების გამო ქვეყნის ბიუჯეტს დაახლოებით, 350 მილიონი დოლარი დააკლდა”.

ამჟამად პრემიერის ოფიციალურ ვებ-გვერდზე Gov.ge-ზე ეს განცხადება უკვე აღებულია და ის განსხვავებული ციტატით არის ჩანაცვლებული, სადაც აშშ დოლარი – ლარით, ქვეყნის ბიუჯეტი კი, ეკონომიკით არის ჩანაცვლებული – “ივლისში რეისების გაუქმების გამო ეკონომიკას დაახლოებით 350 მილიონი ლარი დააკლდა.

bm.ge-ისთვის უცნობია, გიორგი გახარიამ დაუშვა შეცდომა, თუ პრეს-სამსახურმა გაავრცელა მისი განცხადება შეცდომით, მაგრამ ფაქტია, მთავრობის ადმინისტრაციამ ოფიციალური პრეს-რელიზი დააკორექტირა.

თემასთან დაკავშირებით, BM.ge პრემიერის ეკონომიკურ მრჩეველს ბექა ლილუაშვილსაც ესაუბრა, რომელიც ამბობს, რომ კონკრეტულად რუსეთის ფედერაციის მხრიდან დანაკლისი $117 მილიონ დოლარს ანუ დაახლოებით, 350 მილიონ ლარს შეადგენს.

“ეს არის ჯამში. მე ვსაუბრობდი მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებზე. ჯამში, 3 თვეში, მხოლოდ რუსეთიდან შემცირდა $117 მილიონი დოლარით შემოსავალი. სხვა ქვეყნებმა კი, დააბალანსეს ეს კლება. ჩვენ ქვეყნების მიხედვითაც გვაქვს ჩაშლილი, რაც არ ქვეყნდება. რუსეთიდან ვიზიტორების რაოდენობა არის ბევრად შემცირებული. მიუხედავად იმისა, რომ თავად ერთი რუსი ვიზიტორის ვიზიტი მაღალ დანახარჯებს არ უკავშირდება, დიდი რაოდენობის გამო ჯამურად  ეს თანხა დაგენერირდა”, – ამბობს bm.ge-ისთან საუბარში ბექა ლილუაშვილი.

ბიემჯი