გია გორგოშაძის გატაცება სოსო ფხაკაძის ცოლისძმის სახლში დაიგეგმა – ვიდეო

გია გორგოშაძის გატაცება სოსო ფხაკაძის ცოლისძმის სახლში დაიგეგმა - ვიდეო„პრაიმტაიმისთვის“ ექსკლუზიურად ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ ჰიპერმარკეტ „გორგიას“ მფლობელის, ბიზნესმენ გია გორგოშაძის გატაცებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მომზადებაში ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმა.

ოთხივე ბრალდებულმა – რამაზ მენთეშაშვილმა, ვასილ ვასილიადმა, გურამ დგებუაძემ და დავით ფოცხიშვილმა საპროცესო გარიგებას ხელი 23 ოქტომბერს, სააპელაციო სასამართლოში მოაწერეს, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებას 7 წლის ნაცვლად, წელიწადნახევარში დატოვებენ.

საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ მხოლოდ 3,6-წლიანი რეალური სასჯელი და დაახლოებით იგივე ვადის პირობითი სასჯელი შეეფარდათ. გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებულები უკვე ორი წელია საპატიმროში იმყოფებიან, ისინი ციხეს წელიწადნახევარში დატოვებენ.

საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ ბრალდებულების ერთ-ერთმა ადვოკატმა, ლევან ჯავახაძემ დაუდასტურა. მისი თქმით, პროკურატურასთან გარიგებას საფუძვლად დაედო თავად დაზარალებულის, ანუ ბიზნესმენ გია გორგოშაძის თანხმობა და ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებები.

„პრაიმტაიმმა“ ამ სკანდალურ საქმეზე ახალი დეტალები გაარკვია. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ სახლი, სადაც გამტაცებლები დანაშაულებრივ გეგმებს ამუშავებდნენ ცნობილ ბიზნესმენს, „ვისოლი ჯგუფის“ დამფუძნებელ სოსო ფხაკაძეს ეკუთვნის, თუმცა სახლი ოფიციალურად მის ცოლისძმაზე, ზურაბ კანდელაკზე იყო გაფორმებული. თავად კანდელაკი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ეს სახლი მისი მშობლების საკუთრება გახლდათ და ამის შესახებ ჩვენება სასამართლოსაც მისცა.

გია გორგოშაძის და სოსო ფხაკაძის ცოლისძმაზე გაფორმებული სახლები ერთ კორპუსში, წყნეთის გზატკეცილის N52-ში მდებარეობს, აქედან გამომდინარე, გამტაცებლებმა სწორედ სოსო ფხაკაძის ოჯახის კუთვნილი სახლი შეარჩიეს ბიზნესმენ გია გორგოშაძის მიმართ თვალთვალისა და გატაცების გეგმის დასამუშავებლად.

სოსო ფხაკაძის ცოლისძმამ ეს სახლი 2.300 დოლარად გააქირავა, თუმცა, როგორც ირკვევა, მას წარმოდგენა არ ჰქონდა, თუ რა განზრახვით ქირაობდა ფართს რუსეთის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრის მეგობარი აღმოჩნდა.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, ერთ-ერთი ბრალდებულის, რამაზ მენთეშაშვილის ჩვენება, სადაც ის სახლის დაქირავებასთან დაკავშირებულ გარემოებებს აღწერს:

„მე და ჩემმა მეგობრებმა დავგეგმეთ, როგორ უნდა მოგვეხდინა ეს ყველაფერი. კერძოდ, გია გორგოშაძეს უნდა დავხვედროდით თავის საცხოვრებელ სახლთან, იძულების გზით აგვეყვანა სახლში. ამისთვის საჭირო იყო, ბინა გვექირავებინა იმ კორპუსში, სადაც ცხოვრობდა, მაგრამ არ გვინდოდა ჩვენი მონაცემებით დაქირავება. ვასილმა განაცხადა, რომ მას ჰყავდა სანკტ-პეტერბურგელი მეგობარი გოგონა, რომელსაც ჩამოიყვანდა და მისი მონაცემებით ვიქირავებდით ბინას…

ვასილ ვასილიადმა მართლაც ჩამოიყვანა თავისი მეგობარი გოგონა რუსეთის ფედერაციიდან ისე, რომ იმ გოგომ ჩვენი ზრახვების შესახებ არაფერი იცოდა. საქართველოში დარჩა დაახლოებით ოთხი დღე. იმ გოგოს საქართველოში ყოფნის დროს ჩვენ დავიწყეთ გია გორგოშაძის კორპუსში ბინის ქირით ძებნა. მართლაც, მაკლერის საშუალებით, 2.300 აშშ დოლარად ვიქირავეთ ბინა, ოღონდ ქირავნობის ხელშეკრულება ბინის მეპატრონესთან გააფორმა ვასილის მეგობარმა გოგონამ. აღნიშნული გავაკეთეთ იმ მიზნით, რომ, თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, სამართალდამცავ ორგანოებს კვალი არეოდათ“.

ბრალდებულები სახლში სოლიდურ თანხას, იარაღს და დანაშაულებრივი ქმედების შესანიღბად საჭირო სხვა ატრიბუტიკას ინახავდნენ, მათ შორის კადრებში ჩანს პარიკი, რომლის გამოყენებითაც ისინი წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ.

ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის ოჯახის კუთვნილ სახლშია გადაღებული გამოძიების მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერებიც, სადაც დეტალურად ისმის, თუ როგორ გეგმავდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მეზობლად მცხოვრები ბიზნესმენის, გია გორგოშაძის გატაცებას და გამოსასყიდის მიზნით, თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დანაშაული მისი მომზადების სტადიაზე აღიკვეთა და ოთხივე ბრალდებული 2017 წლის ოქტომბერში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდათ, თუმცა მეორე ინსტანციაში დაზარალებულმა მხარემ მოულოდნელად თანხმობა განაცხადა ოთხივე მათგანისთვის მინიმალური სასჯელის დაწესებაზე, პროკურატურამ კი, როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.

რატომ დაეთანხმა ამ გარიგებას თავად გია გორგოშაძე? ამის გარკვევა ბიზნესმენთან ვცადეთ, თუმცა მრავალი მცდლეობის მიუხედავად, მასთან დაკავშირება შეუძლებელი აღმოჩნდა. გორგოშაძის მეუღლემ კი განგვიმარტა, რომ „ის ამ საკითხზე კომენტარს ვერ გააკეთებს“.

ამრიგად, ეს გახმაურებული საქმე საპროცესო გარიგებით ისე დასრულდა, რომ უცნობი დარჩა – დანაშაულებრივი ჯგუფი საკუთარი ინიციატვით მოქმედებდა, თუ გატაცება სხვამ დაუკვეთა. აღსანიშნავია, რომ საქმის მასალებში ფიგურირებს გია გორგოშაძის პირველი მეუღლე ნინო დარსალია, რომელსაც ბრალდებულებთან გარკვეული ტიპის კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი მის მიმართ სამართლებრივი პროცედურების დასაწყებად.

“გია გორგოშაძე თამაზ თამაზაშვილთანაც დადიოდა და ნაციონალებსაც აფინანსებდა” – რა ქონებას ფლობს “გორგიას” სკანდალური დირექტორი