გოჩა ვეფხვაძე ბმვ-ში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრეს – ”ძმებ ფეიქრიშვილებს და ნოდარ ნიშნიანიძეს ამასთან კავშირი არ აქვთ”

გოჩა ვეფხვაძე ბმვ-ში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრეს - ”ძმებ ფეიქრიშვილებს და ნოდარ ნიშნიანიძეს ამასთან კავშირი არ აქვთ”ლისის ტბაზე დაჭრილი გოჩა ვეფხვაძე ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. პარალელურად საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 41 წლის ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა.

“კურიერის” ინფორმაციით, დაპირისპირება გახოკიძის ქუჩაზე დაიწყო, შემდეგ კი რამდენიმე ავტომობილით მასში მონაწილე პირები ლისის ტბის მიმართულებით წავიდნენ, სადაც ვეფხვაძე, სავარაუდოდ, ერთ-ერთ ავტომობილში დაჭრეს.

ექიმების ინფორმაციით, ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა აქვს მიყენებული. პაციენტს 6 ოქტომბერს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა, თუმცა ექიმების თქმით, დაახლოებით 72 საათია საჭირო იმისთვის, რომ ვეფხვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მათ პროგნოზების გაკეთება შეძლონ.

“პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არის ამჟამადაც. ჭრილობები იყო სხვადასხვა სახის, ბევრ ადგილას იყო მიყენებული და სხვადასხვა თავისი სიღრმით და დაზიანებით მრავალფეროვანი იყო საკმაოდ, რამაც გამოიწვია ასეთი დიდი სხეულის დაზიანება და დიდი სისხლის დანაკარგი,” – აცხადებს კრიტიკული მედიცინის სამსახურის უფროსი ლევან სუხიშვილი.

საქმეში 10-მდე პირი ფიგურირებს, თავად გოჩა ვეფხვაძე კი ბმვ-ს მარკის ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღითა და დანით დაჭრეს, ამის შემდეგ იგი უკვე მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით შარტავას ქუჩაზე ჩამოიყვანეს.

“კურიერის” ინფორმაციით, ნოდარ ნიშნიანიძე პოლიციას დაკავებული ჰყავს, ოღონდ სხვა საქმეზე. 2 თვეა, ნიშნიანიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება და იგი სასჯელს სხვა საქმესთან დაკავშირებით იხდის

ფეიქრიშვილების ადვოკატი გიორგი ანთიძე ამბობს, რომ ძმებ ფეიქრიშვილებსა და მათ მეგობარ ნოდარ ნიშნიანიძეს გოჩა ვეფხვაძე საერთოდ არ იცნობდა და მის  დაჭრასთან არც ერთ მათგანს არ აქვს შემხებლობა.

ადვოკატის ასევე უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ 2015 წელს ვეფხვაძე სწორედ ამ ადამიანებმა დაჭრეს, ვინაიდან ანთიძე ამბობს, რომ ნიშნიანიძესა და ვეფხვაძეს შორის ასაკობრივი ზღვარი არის დიდი, ნიშნიანიძე ამ ეტაპზე არის 27 წლის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

“ძმებ ფეიქრიშვილებს არანაირი შემხებლობა გუშინდელ დაჭრასთან დაკავშირებით არ ჰქონიათ, ისინი არც იცნობენ გოჩა ვეფხვაძეს. რაც შეეხება ნოდარ ნიშნიანიძეს, ნოდარ ნიშნიანიძე თავის დროზე დაკავებული იყო გოჩა ვეფხვაძის დაჭრის ბრალდებით, თუმცა წარდგენილ ბრალდებაში სასამართლომ სრულიად უდანაშაულოდ ცნო და ის გაამართლა. შესაბამისად, ნოდარ ნიშნიანიძეს აღნიშნულ ფაქტთან შემხებლობა ვერანაირად ვერ ექნებოდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ის 2 თვეა, უკანონოდ დაკავებულია,” – აცხადებს გიორგი ანთიძე.