გოჩა ვეფხვაძეს 4 ტყვია ესროლეს – სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალები

გოჩა ვეფხვაძეს 4 ტყვია ესროლეს - სისხლიანი გარჩევის ახალი დეტალებითბილისში 41 წლის მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, გოჩა ვეფხვაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ტყვია ესროლეს. თავდამსხმელებმა გულმკერდის და ფეხის არეში მძიმედ დაჭრილი მამაკაცი შარტავას ქუჩაზე მიიყვანეს, ქუჩაში დატოვეს და შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.

თვითმხილველის ინფორმაციით, კონფლიქტი  გახოკიძის 3 ნომერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეზოში ლუდის დასალევად შეკრებილ 6 მამაკაცს 12 საათზე გოჩა ვეფხვაძე მეგობართან ერთად შეუერთდა. ამის შემდეგ შეიქმნა დაძაბული ვითარება და იქ მყოფმა პირებმა ტერიტორია დატოვეს.

კონფლიქტი ლისის ტბაზე გაგრძელდა, სადაც ის სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

მომხდარის  სავარაუდო მოტივად ანგარიშსწორება სახელდება. ახლობლების ინფორმაციით, ვეფხვაძეს წარსულში გარკვეულ პირებთან დაპირისპირება ჰქონდა, რის შემდეგაც ქვეყნის დატოვება მოუხდა.

პოლიციის თანამშრომლებმა სათვალთვალო კამერების ჩანაწერები ამოიღეს. როგორც “კურიერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე  236-ე მუხლის, მე-3 და მე-4 ნაწილით, 117 და 143-ე მუხლითაა აღძრული, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარებას,  ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს.

რუსთავი 2