ბიუ-ბიუმ 2018 წელს 14 მლნ-მდე ზარალი მიიღო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოავლინა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში „ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ.

აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა. შემოწმების შედეგად კი, სეს-ის ცნობით, ბიუ-ბიუს ნაწარმში სალმონელა აღმოჩნდა. თუმცა, თავად კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მათ პროდუქციაში სალმონელა არ გამოვლენილა და გაუგებარია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები. 2018 წლის მონაცემებით, შპს „ჩირინას“ (ბრენდი – ბიუ-ბიუ) შემოსავალი – 50,635 მლნ ლარი იყო; კომპანიის წლის ზარალი კი 13,821 მლნ ლარს შეადგენს. ამასთან, საანგარიშო პერიოდში მის საკუთრებაში იყო 167,533 მლნ ლარის აქტივები.

ცნობისთვის, “ჩირინა“ ჯგუფი ვერტიკალურად მოიცავს მეფრინველეობისა და ბროილერების ფერმებს, საკვებ ქარხანას, მარცვლეულის საშრობს, ხორცის გადამამუშავებელ ქარხანას, ინკუბატორს და ვეტერინარულ ლაბორატორიას. ჯგუფი ასევე ფლობს ვაშლის ბაღებს, ხილის შენახვისა და დახარისხების საშუალებებს.

ჯგუფი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ყიდის პროდუქტებს (ქათმის ხორცი, ინკუბატორის კვერცხი, ქათმის ძეხვეული და ვაშლი) რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანიის მეშვეობით. ჯგუფს მთლიანად ფლობს და აკონტროლებს რევაზ ვაშაკიძე.

ბიპიენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი