ბლექ სი არენამ 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა

ბიძინა ივანიშვილის “ფონდ ქართუს” მიერ აშენებულმა საკონცერტო დარბაზმა ბლექ სი არენამ 2018 წელი 4.4-მილიონიანი ზარალით დაასრულა.

შპს “ბლექ სი არენა ჯორჯია” 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა.

ოზურგეთის რაიონში, სოფელ ნატანებში მდებარე დარბაზის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა.

საკონცერტო დარბაზის მთავარი საქმიანობა, ჯერჯერობით, მთავრობის მიერ სუბსიდირებული მრავალმილიონიანი კონცერტებისა და ღონისძიებების მასპინძლობაა.

დარბაზის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრისთვის 4.4 მილიონი ლარის ზარალი დააგროვა. როგორც ირკვევა, კომპანიის ძირითად შემოსავალს საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდია წარმოადგენს, ხოლო კომერციული საქმიანობიდან საკონცერტო დარბაზის შემოსავალი 1.8 მილიონს არ აღემატება.

საკონცერტო დარბაზის შემოსავლები ასე ნაწილდება:

შემოსავალი მიღებული სუბსიდიებიდან – 7.75 მილიონი ლარი;
შემოსავალი კომერციული საქმიანობიდან – 1.79 მილიონი ლარი;
სულ შემოსავალი – 9.55 მილიონი ლარი.
დარბაზის ხარჯები შემდეგნაირად ნაწილდება:
არტისტების და სხვა საკონცერტო მომსახურების ხარჯი – 4.18 მილიონი ლარი;
ცვეთა და ამორტიზაცია – 7.77 მილიონი ლარი;
შრომის ანაზღაურება – 2.91 მილიონი ლარი;
საგადასახადო ხარჯი – 638,629 ლარი;
კომუნალური ხარჯი – 457,346 ლარი;
იჯარა – 304,905 ლარი;
სხვა საოპერაციო ხარჯი – 915,215 ლარი;
საპროცენტო შემოსავალი – 262,881 ლარი;
ზარალი სავალუტო ოპერაციებზე, წმინდა – 44,642 ლარი.
წლიური ზარალი – 4,428,772 ლარი.

2018 წლის მდგომარეობით, დარბაზის აქტივები 57.7 მილიონ ლარს შეადგენს.

ბიძინა ივანიშვილის ფონდმა დარბაზის აშენებაზე $115 მილიონზე მეტი დახარჯა და ის 10,000 მაყურებელზეა გათვლილი.

დარბაზი 2016 წლის 31 ივლისს კრისტინა აგილერას კონცერტით გაიხსნა.

2019 წლის მარტში ბლექ სი არენა სამართავად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

ბიემჯი