”კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, ამიტომ სამუდამო პატიმრობა მოხდილად უნდა ჩამეთვალოს” – რას ითხოვს პატიმარი შრაიბერი

”კლინიკური სიკვდილი გადავიტანე, ამიტომ სამუდამო პატიმრობა მოხდილად უნდა ჩამეთვალოს” - რას ითხოვს პატიმარი შრაიბერი66 წლის ბენჯამენ შრაიბერი, რომელსაც 1996 წელს ადამიანის ცემით მოკვლისთვის სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი, აცხადებს, რომ იგი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. ამის მიზეზად ის კლინიკურ სიკვდილს ასახელებს, რომელიც მან ოთხი წლის წინ გადაიტანა.

აიოვას შტატის ციხეში მყოფ შრაიბერს 2015 წელს გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მას დროზე მიუსწრეს და სიკვდილს გადაარჩინეს. პატიმარი აცხადებს, რომ ექიმებმა ის საკუთარი სურვილის უკითხავად გადაარჩინეს, შესაბამისად, მისი “ხანმოკლე სიკვდილი” ტექნიკურად, სამუდამო პატიმრობის მოხდას ნიშნავს.

ამ ფაქტის გამო მან ერთი წლის წინ სასამართლოში გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა შეიტანა. გასულ კვირას სასამართლომ მისი არგუმენტები არადამაჯერებლად სცნო და იგი კვლავ პატიმრობაში დატოვა, თუმცა, მოსამართლემ აღნიშნა, რომ მოყვანილი მოსაზრება აშკარად ორიგინალური იყო. სასამართლო იმ ფაქტს დაეყრდნო, რომ ექიმს მისი სიკვდილის შესახებ სამედიცინო დასკვნა არ გაუკეთებია.

ნიუპოსტი