მამუკა გამყრელიძე – “უმართავი ადამიანი ვარ, ვერავინ ვერსაიდან ვერ გამრიცხავს!”

მამუკა გამყრელიძე - “უმართავი ადამიანი ვარ, ვერავინ ვერსაიდან ვერ გამრიცხავს!”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
გასულ კვირას გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია” მამუკა გამყრელიძეს და კიდევ რამდენიმე პოლიტიკოსს დაატოვებინეს. მამუკა გამყრელიძე ამ ინფორმაციას “ახალ თაობასთან” ინტერვიუში არ ადასტურებს. თუმცა არც იმას უარყოფს, რომ ნაცმოძრაობის ერთ ნაწილს ამის სურვილი აქვს.
– ბატონო მამუკა რა ხდება ოპოზიციურ ერთობაში და რა საფუძელი აქვს ამ ჭორებს? აქტიურად საუბრობენ, რომ თქვენ ამ ერთობიდან გაგრიცხეს. ასეა?
– რამდენიმე დღის წინ სხვა მედია საშუალებიდანაც დამირეკეს და იგივე მკითხეს. არა და მსგავსი არაფერი ხდება. ეს ინფორმაცია ყოვლად უსაფუძვლოა.
– ნაციონალური მოძრაობის ინიციატივით გარიცხეს მოძრაობიდანო.
– არ ვიცი, ვინ ავრცელებს მსგავს ხმებს, აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
– საუბარია, რომ ზოგადად შიგნით არ არის კარგი სიტუაცია.
– დალაგების პროცესი მიდის. ნაციონალური მოძრაობა არის ძალიან რთული ორგანიზაცია და უჭირთ რაღაც გადაწყვეტილებების მიღება.
– ზედმეტი ამბიციებიც ხომ არ აწუხებთ?
– ამბიციები ზოგადად ყველას აწუხებს. რადგან დავირქვი პოლიტიკოსობა, ალბათ მეც მაწუხებს. ჩემი ადგილიც კარგად ვიცი და ამიტომ ზედმეტის მოლოდინები არასდროს არა მაქვს. ჩვენ ყველას ერთად ხელი გვაქვს მოწერილი მემორანდუმზე, რომელიც გავაჟღერეთ კიდევაც საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ამ 12-მა სუბიექტმა, გადაწყვიტა ერთად მიეღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში, ხოლო შემდეგ უკვე გააგრძელოს ერთად ბრძოლა საპარლამენტო არჩევნეზე.
– ხომ არ არღვევს ვინმე ამ მემორანდუმს?
– დარღვევა არ არის არავის მხრიდან. 10 დღის წინ გვქონდა შეკრება. მე თვითონ არ წავსულვარ და თუ ვინმეს ჩემი გაგდება უნდა, თქვან.
– ვინ ავრცელებს ამ ინფორმაციებს? ინფორმაცია შიგნიდან გამოვიდა.
– ეს თუ გამოვიდოდა, გამოვიდოდა ნაციონალების ერთი ჯგუფიდან.
– ანუ მაინც გყავთ მოწინააღმდეგეები?
– ნაციონალური მოძრაობა ძალიან დიდი მოძრაობაა, ზოგს უნდა ჩვენი ერთად ყოფნა, ზოგს არა. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ აჯობებს, მარტო თუ გავლენ არჩევნებზე და ეს ერთკაციანი პარტიები და ეს ბალასტი, მათი შეხედულებით, მათ არ უნდა ამძიმებდნენ.
– ანუ ნაცმოძრაობის ერთი ჯგუფი თვლის, რომ ეს წვრილ-წვრილი პარტიები მათთვის ბალასტია?
– რაღაცა ჯგუფი ამას თვლის. პოლიტსაბჭო აქვთ 124 კაციანი. მე დიდად არ დავინტერესებულვარ, ვინ რომელ მხარეს არის, მაგრამ მოცემულობა ასეთია. თუმცა ვიცი ისიც, რომ მათი ლიდერები აცხადებენ, რომ ამ მემორანდუმის ერთგულები არიან, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიდო. საპრეზიდენტო არჩევნებზე უფრო მარტივი იყო ეს ყველაფერი, რადგან გაერთიანება ხდებოდა ერთი ადამიანის გარშემო.
ამ შემთხვევაში ბრძოლა მიდის არა მარტო გამარჯვებისთვის, არამედ მთავრობის დაკომპლექტებისა და საპარლამენტო სკამებისთვის. ყველამ დაიწყო იმაზე ფიქრი, რომ დამთავრდება არჩევნები, ჩემი ადგილი სად იქნება.
– ითქვა ისიც, რომ ნაციონალებს აქვთ იმის შიში, იგივე არ დაემართოთ, რაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაემართათ, როდესაც “ევროპული საქართველო” გამოეყოთ. ამიტომ ხომ არ ცდილობენ, რომ ზედმეტი ტვირთი აიცილონ? ხომ შეიძლება გაიყვანონ ეს პარტიები და შემდეგ პარლამენტს შიგნით ვეღარ მოხდეს თანამშრომლობა?
– ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა. ყველას ლიდერობა უნდა. ყოველთვის ამას ვამბობ, რომ სულაც არ წარმოადგენს სიამოვნებას ოპოზიციონერი დეპუტატობა. ვერანაირი სარგებელი ქვეყნისთვის ვერ მოგაქვს. შიგნით არის ჩხუბი, დავიდარაბა, გამიშვი და გამატარე ხელისუფლებასთან, რომელიც აბსოლუტურად არ გისმენს და არანაირ ყურადღებას არ გაქცევს.
ეს არის ძალიან მძიმე სამუშაო, თავს ლაფს გასხამენ, პრემიერები დედას გაგინებენ, გაყვედრიან რაღაცა სისულელეებს, რაც არანაირ სიმართლეს არ შეეფერება და რა სასიამოვნოა ეს?!
მეორე საკითხია, როდესაც შენ იბრძვი გამარჯვებისთვის.
– რისთვის იბრძვით? ხელისუფლების შესაცვლელად?
– დიახ, უმრავლესობა უნდა გქონდეს ხელისუფლებაში. სხვა პროდასავლურ პარტიებთან ერთად უნდა შევქმნათ მთავრობა. ისე ბრძოლას რა აზრი აქვს?! რისთვის, პარლამენტარის სკამისთვის?! იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რამდენ მანდატს მოიპოვებ 2020-ში, არამედ იმაზე, რომ გაიმარჯვო!
თუ გაიმარჯვებ, გექნება შესაძლებლობა, შეცვალო სიტუაცია ქვეყანაში. აი, ამაზე უნდა ვიფიქროთ. მე ვფიქრობ, რომ გაერთიანებას მაინც არ აქვს ალტერნატივა. ერთი კაცის გამოკლებაც კი ამ გაერთიანებას უმძიმეს დარტყმას მიაყენებს, ეს იქნება ტრაგიკული. ხალხი დაკარგავს რწმენას და მომავლის იმედს, რომ ერთიანობა არ შეგვიძლია, ჩვენ ვერ ვახერხებთ ერთი ნიშნის გარშემო გაერთიანებას.
არ აქვს მნიშვნელობა, ვის რამხელა მხარდაჭერა აქვს. აქ აქვს მნიშვნელობა იდეას, აქ აქვს მნიშვნელობა მიზანს. ასეთი ლაპარაკი არასწორია, რომ გარიცხეს, რას ქვია გამრიცხეს?! იმასაც უნდა მიხვდნენ ალბათ, რომ ამ 12 სუბიექტიან გაერთიანებაში ყველას პარიტეტული ხმები აქვს. ნაციონალურმა მოძრაობამ აიღოს და გარიცხოს ვიღაცა, ასეთი რამე ვერ მოხდება!
– შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში მიდის ქვეშა დინებები? მათ სურთ, რომ ცალკე გავიდნენ ამ არჩევნებში.
– ეგ გასაგებია, მაგრამ მაინცდამაინც მე რატომ მებრძვიან?!
– ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის სიმართლის თქმა გიყვართ.
– რბილად რომ ვთქვათ, უმართავი ადამიანი ვარ. ობიექტურობა მიყვარს და რა ვქნა. კარგსაც ვხედავ და ცუდსაც ვხედავ ყველა მხარეს. კი ბატონო, მე მესმის პარტიული დისციპლინა, როდესაც უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, ის გადაწყვეტილება უნდა შეასრულო, მაგრამ არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ აქამდე და ეს ცოტა რთულია ჩემთვის.
როდესაც ჩამოყალიბდება ერთიანი მესიჯბოქსი, იმის იქით მერე აღარ გავალ. ახლა აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ჩემს განცხადებებში, გამონათქვამებში და ეს არავის საქმე არ არის. წინასაარჩევნო სამუშაო ჯერ არ დაწყებულა და არ ჩამოყალიბებულა.
ამ ეტაპზე ძალიან საინტერესო საქმით ვარ დაკავებული და საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას მათ პოლიტიკურ დაპირისპირებას. გიორგი ვაშაძის ახალ საქართველოსთან ერთად ვაკეთებთ პრეზენტაციების ციკლს. რამდენიმე პრეზენტაცია ჩატარდა და ეს კიდევ გაგრძელდება.
– თუ ერთი სუბიექტი მაინც გავიდა ამ გაერთიანებიდან, ეს ერთობა უკვე განწირულია კრახისთვის?
– არავინ არავის არ გაუშვებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ. გაშვება აბსოლუტურად გამორიცხულია.
– ნაციონალები გავლენ ცალკე, რადგან ისინი თვლიან, რომ მათთვის ცალკე ჯობია.
– ეგ შეიძლება მოხდეს. თუმცა ამ ეტაპზე არ არის ეს მოცემულობა.
– ამ ერთობისთვის ხმები მოაქვს ნაცმოძრაობას და აღარ სჭირდებათ ზედმეტ ტვირთად სხვა ოპოზიციური პარტიები. ასეთი შეფასებები მოვისმინე.
– ნაცმოძრაობა როცა მარტო გავიდა, გაცილებით ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე გაერთიანების სახით რომ გავედით. ეს ყველაფერი ხომ შედარებითია. გაერთიანების იდეას ალტერნატივა არ აქვს. ერთპარტიულობა და ერთი პარტიის დომინაცია ხალხმა უკვე ნახა, ნახა ისიც, რომ ამას არაფერი კარგი არ მოაქვს. გაერთიანების და კოალიციური მთავრობის მომხრეა საზოგადოება და არა – ერთპარტიული მმართველობის.

კახა კუკავა – “მამუკა გამყრელიძე და სხვები ნაციონალების კოალიციიდან გარიცხულები არიან”