რა ქონებას ფლობს ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე, რომელსაც სემეკის წევრობა სურს

რა ქონებას ფლობს ნათია ლაზაშვილის მეუღლე გიორგი ფრუიძე, რომელსაც სემეკის წევრობა სურსსაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრის თანამდებობაზე გიორგი ფრუიძის კანდიდატურას, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ამის შემდეგ, მის კანდიდატურას დეპუტატებმა ნდობა პლენარულ სესიაზე უნდა გამოუცხადონ.

ცნობისთვის, გიორგი ფრუიძე 2019 წლის 29 ოქტომბრამდე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრად მუშაობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე ნათია ლაზაშვილი „რუსთავი 2“-ს საინფორმაციო გამოშვების წამყვანად დაინიშნა, ფრუიძემ თანამდებობა დატოვა. მაუწყებლობის შესახებ კანონის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაციების კომისიის ოჯახის წევრის მეუღლე კომისიის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტისთვის ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს, სახეზეა ინტერესთა კონფლიქტი.

“ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ქონებას ფლობს გიორგი ფრუიძე, რისთვისაც მის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაცია გადაამოწმა.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გიორგი ფრუიძე ფლობს სახლს თბილისში, რომელიც 1996 წელს 9.500 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე, 14 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართს თბილისში, რომელში გადახდილი თანხაც მითითებული არ აქვს. გიორგი ფრუიძეს 1997 წელს ჩუქების ხელშეკრულებით გადაეცა 540 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი მცხეთაში. ხოლო, 2018 წელს 8.000 ლარად შეიძინა 8,7 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი თბილისში.

გარდა ამისა, მისი მეუღლის, ნათია ლაზაშვილის სახელზეა გაფორმებული ბინა (47,58 კვ.მ) თბილისში, რომელიც 2017 წელს 23.000 აშშ დოლარად არის ნაყიდი. ასევე, ჟურნალისტის სახელზეა 1.000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მცხეთაშიც, რომელიც 2007 წელს მემკვიდრეობით გადაეცა.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ფრუიძე ფლობს ასევე, ავტომობილს TOYOTA C-HR, რომელიც 2016 წელს 24.000 აშშ დოლარად შეიძინა.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, გიორგი ფრუიძე დეკლარაციის შევსების მომენტში ფლობდა: „თიბისი ბანკის“ სახელფასო ბარათზე – 1.485,86 ლარს, ანაბარზე – 710,34 აშშ დოლარს, 1.248,81 ევროს და 2.003,52 ლარს. ხოლო, დანაზოგის სახით 20.000 ლარს.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ფრუიძეს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის წევრის თანამდებობაზე მუშაობისას, 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აღებული აქვს 192.488,1 ლარი.

ბიპიენი