აკაკი ცომაია – „საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“

აკაკი ცომაია - „საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“„საქართველოს ეკონომიკა ინერციით იზრდება“, – ეს განცხადება ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ bm.ge-ისთან ოქტომბერში დაფიქსირებული 5.7%-იანი ეკონომიკური ზრდის შეფასებისას გააკეთა.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში 5%-იანი საშუალო ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება, ასე რომ, აქ მოულოდნელი არაფერია; 5% არის ეკონომიკური ზრდის ის ტემპი, რაც ჩვენნაირ განვითარებად ქვეყანას უნდა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ სიახლეებს და ინოვაციებს ეკონომიკაში ადგილი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ეკონომიკაში ახალი არაფერი ხდება და ის ინერციით იზრდება“, – აცხადებს აკაკი ცომაია.

ამასთან, ექსპერტის აზრით, 5%-იანი ზრდაც სახელმწიფოს ინფრასტრუქტურული პროექტების ხარჯზეა შენარჩუნებული და რომ არა ეს ფაქტორი, ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი უფრო დაბალი იქნებოდა.

„როგორც ჩანს, ინფრასტრუქტურული პროექტების რაოდენობამ იმატა, თუმცა აქ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ პროექტებში ხდება ნასესხები თანხის ინვესტირება“, – დასძინა ცომაიამ.

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, ექსპერტი 2020 წელსაც ეკონომიკაში კვლავ ინერციულ ზრდას ელოდება, თუმცა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის გათვალისწინებით, ფიქრობს, რომ მომავალ წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 5%-ზე დაბალი იქნება.

„გასათვალისწინებელია ისიც, რომ მიმდინარე წლის ბოლო 2 თვეში ინფლაციის მაჩვენებელი დაკორექტირდება; არ გამოვრიცხავ, რომ მონეტარული პოლიტიკა კიდევ უფრო გამკაცრდეს“, – აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

შეგახსენებთ, საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2019 წლის ათ თვეში საქართველოს ეკონომიკის საშუალო ზრდამ 5.1% შეადგინა, უშუალოდ ოქტომბერში კი – 5.7%.

ცნობისთვის: 2020 წლის ბიუჯეტის კანონის ახალ პროექტში მთავრობამ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა. 2020 წლის ბიუჯეტის მესამე გადამუშავებულ ვარიანტში ეკონომიური ზრდა 4.5%-ზეა ნავარაუდევი, რაც ბიუჯეტის მეორე წარდგენის დოკუმენტთან შედარებით 0.5%-ით შემცირებული მაჩვენებელია(მანამდე 5% იყო ნავარაუდევი 2020 წლისთვის).

ბიემჯი