ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერ-მონაზონის ბრალდებას საპატრიარქო ეხმაურება. “კურიერთან” სატელეფონო საუბარში საპატრიარქოს პრეს-მდივანი აცხადებს, რომ სასულიერო პირის მამამ ამანათი მიიღო, სადაც ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა.
“მე ვიცოდი ზუგდიდის შემთხვევაზე, რომ სასულიერო პირის მამა იყო დაკავებული, რომელმაც ამანათი მიიღო, სადაც აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება. საპატრიარქო ჯერ დაელოდება სამართალდამცველების დასკვნას, ხომ შეიძლება, ტყუილად ედავებოდნენ, ან დამნაშავე იყოს? ჩვენ არ გვაქვს საშუალება, წინასწარ გამოძიება ვაწარმოოთ,”-განუცხადა “კურიერს” საპატრიარქოს პრეს-მდივანმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისი ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული ბერი ათონის მთაზე ცხოვრობდა, ქართულ ეკლესიაში კი არასდროს უმსახურია.
როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, შესაბამისად, საპატრიარქოს დაკავებულზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
„საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანი აღიკვეცა ათონის მთაზე და ცხოვრობდა იქ. საქართველოში რაც დაბრუნდა, ცხოვრობდა თავის სახლში. არ ცხოვრობდა მონასტერში და არც მოღვაწეობდა ეკლესიაში. ასე რომ ჩვენ პრინციპში მის სასულიერო პირობაზე და მის მოღვაწეობაზე არანაირი პასუხისმგებლობა და ინფორმაცია არ გვაქვს“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, დაკავებულ პირზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა გადმოცემით მათთვის ცნობილია, რომ ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა ჰქონდა.
„არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ. თბილისის ეპარქიაში არ არის. უბრალოდ რაც გვაქვს გადმოცემით ინფორმაცია, რომ მოიხმარდა ალკოჰოლს, ალკოჰოლთან დაკავშირებით ჰქონდა რაღაც პრობლემა. სახლში ცხოვრობდა, როგორც ერის კაცი“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით, ათონის მთაზე მოღვაწე ბერ-მონაზონი ზუგდიდში დააკავეს. მამა სვიმონ ქავთარაძეს ბრალს დღეს წარუდგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს.

