უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი დავით გერლიანი მეოთხედ დააკავეს

უკრაინაში ქართველი კანონიერი ქურდი დავით გერლიანი მეოთხედ დააკავესუკრაინელმა სამართალდამცველებმა 47 წლის ქართველი „კანონიერი ქურდი“, დავით გერლიანი კიდევ ერთხელ დააკავეს. ბოლო სამი წლის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიაზე დავით გერლიანის დაკავების ეს უკვე

მეოთხე შემთხვევაა. ინფორმაციას კიევის პოლიციის მთავარ სამმართველოში ადასტურებენ.

წინა დაკავების დროს გერლიანი უკრაინაში შესვლას მოლდოვეთიდან ცდილობდა, თუმცა მესაზღვრეებმა ის დააპატიმრეს, ქვეყნიდან გააძევეს და უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

აკრძალვის მიუხედავად ქართველი „კანონიერი ქურდი“ სამ თვეში კიევში აღმოჩნდა.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, მან ქვეყანაში შესვლა მაინც სცადა ოდესის ოლქში ბიზნესის გაკონტროლების მიზნით.

გერლიანი ცნობილი „კანონიერი ქურდის“, როვშან ჯანიევის სიძე გახლავთ. თავად ჯანიევი 2016 წელს სტამბულში მოკლეს.

საქართველოში დავით გერლიანის სახელი დიდ პოლიტიკურ სკანდალს უკავშირდება, კერძოდ 2016 წელს უკრაინის უშიშროების სამსახურმა ის ოდესაში დააპატიმრა და საქართველოში გამოაძევა. გერლიანმა საქალაქო სასამართლოში თავადაც კი ვერ დამალა გაკვირვება, რომ მას თბილისის აეროპორტში ხელბორკილების ნაცვლად ტელეკამერა დახვდა.

გერლიანმა უკრაინული პასპორტითა და ჩაჩიბაიას გვარით უპრობლემოდ გაიარა თბილისის აეროპორტის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და „რუსთავი 2“ის ტელეობიექტივის გარდა, მომდევნო სამი დღის განმავლობაში თვალით აღარავის უნახავს. მისი დაკავება შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 2016 წლის 22 ივნისს, ოპერატიულ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველო-სომხეთის საზღვართან მოახერხა, საიდანაც გერლიანი ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

იმ დღეებში აქტიური განხილვის საგნად იქცა საკითხი, რატომ არ შეატყობინეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა ქართველ კოლეგებს „კანონიერი ქურდის“ დეპორტაციის შესახებ და რატომ ვერ მოახერხა შსს-მ გერლიანის დაკავება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში?

საქმე ის გახლავთ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებობს შესაბამისი შეთანხმებები, რომელიც უკრაინულ მხარეს ავალდებულებდა, დეპორტაციის შესახებ ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის წინასწარ ეცნობებინა. გაირკვა, რომ უკრაინულმა მხარემ ცალსახად დაარღვია ზემოხსენებული შეთანხმებები, ვინაიდან უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყნიდან განხორციელდა ე.წ. „კანონიერი ქურდის“ დეპორტაცია, რომლის თაობაზეც ინფორმაცია რატომღაც ცნობილი გახდა არა ოფიციალური სტრუქტურებისთვის, არამედ „ნაციონალური მოძრაობისთვის“. მაშინ, ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ამტკიცებდა, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ინტერესების სასარგებლოდ წინასაარჩევნოდ „კანონიერი  ქურდების“ უპრეცედენტო კონცენტრაცია ხდებოდა.

მაშინდელმა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კი დავით გერლიანთან დაკავშირებულ პროცესები „ოდესელების  პროვოკაციად“ შეაფასა.შეგახსენებთ, რომ იმ პერიოდში მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა და რეგიონის ძალოვან უწყებებსაც საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსენები აკონტროლებდნენ.

თავად დავით გერლიანი თავს პოლიტიკური თამაშების მსხვერპლად მიიჩნევდა. მისი ადვოკატის თქმით, გერლიანი  ოდესის ერთ-ერთი რესტორნიდან, ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით, სრულიად უკანონოდ მოიტაცეს და ასევე, უკანონოდ გამოამგზავრეს საქართველოში.

მოკლედ, საქართველოსომხეთის საზღვარზე დაკავებული გერლიანი 2016 წლის 8 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“ ბრალდების ნაწილში გაამართლა, ხოლო საზღვრის უკანონო კვეთის მცდელობაში დამნაშავედ ცნო და 6/500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით გერლიანი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. მან ქვეყანა მაშინვე დატოვა, თუმცა ერთი წლის შემდეგ კვლავ ოდესაში დააკავეს. 2017 წელს მას უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა და ამჯერად, მესამე ქვეყანაში გააძევეს. 2019 წლის ივლისში გერლიანი კვლავ უკრაინაში დააფიქსირეს და ისევ გააძევეს.

ორი დღის წინ კი სკანდალური იმიჯითა და ისტორიებით ცნობილი ქართველი „კანონიერი ქურდი“ ისევ უკრაინაში დააკავეს და საემიგრაციო სამსახურში გადაიყვანეს. ამჟამად მიმდინარეობს პროცედურები მისი ქვეყნიდან მორიგი გაძევების შესახებ.

პრაიმ ტაიმი