ბეტა ნაჭყებიას მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი ლევან ლომიძე დააკავეს – ”ცოლთან უთანხმოების გამო ბოლო 1 თვე ყოველდღე სვამდა”

ბეტა ნაჭყებიას მკვლელობისთვის მისი ყოფილი ქმარი ლევან ლომიძე დააკავეს - ”ცოლთან უთანხმოების გამო ბოლო 1 თვე ყოველდღე სვამდა”შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლევან ლომიძე მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს – 1991 წელს დაბადებულ ბეტა ნაჭყებიას. ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბეტა ნაჭყებია ადგილზე გარდაიცვალა.
”სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცული ნივთმტკიცებად ამოიღეს.
მომხდარ შემთხვევამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ მეუღლეებს – ლ.ლ.-სა და ბ.ნ.-ს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.
გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

როგორც მეზობლები ამბობენ, დანაშაულის ჩადენის დროს მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. ცოლთან უთანხმოების გამო ლევან ლომიძე ბოლო 1 თვე ალკოჰოლს ყოველდღიურად მოიხმარდა.

32 წლის მამაკაცი წარსულშიც ნასამართლევი იყო.

ლევან ლომიძე დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილიდან გაიქცა. ნაჯახი, რომლითაც ყოფილ მეუღლეს თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, ექსპერტებმა ამოიღეს.

გარდაცვლილი ქალი მცირეწლოვან შვილთან ერთად სენაკში ცხოვრობდა. როგორც ოჯახის ახლობლები იხსენებენ, 28 წლის ქალი მეუღლეს დიდი ხნის წინ გაშორდა, თუმცა ეჭვმიტანილი მას მაინც აკითხავდა.

მეზობლები ასევე ამბობენ, რომ ლევან ლომიძემ ყოფილ ცოლს გუშინ ჩააკითხა და სურამში წაიყვანა.