დღეს არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან

დღეს არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიანსაქართველოს სახალხო არტისტ არიადნა შენგელაიას ვარსკვლავს გაუხსნიან. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული კინოცენტრიდან აცნობეს, ღონისძიება დღეს, მსახიობის დაბადების დღეზე გაიმართება.

მათივე ინფორმაციით, არიადნა შენგელაიას შემოქმედებით საღამოს გრიბოედოვის თეატრი უმასპინძლებს, ვარსკვლავი კი კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ გაიხსნება.

„არიადნა შენგელაია წლებია თბილისში ცხოვრობს, თუმცა უარს ამბობს საჯარო ცხოვრებაზე და 2007 წლიდან მოყოლებული მაყურელის წინაშე არ გამოჩენილა. 13 წლიანი პაუზის შემდეგ კი მსახიობი მისი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება. აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

არიადნა შენგელაიას როლებს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს. მოსკოვის კინემატოგრაფიის ინსტიტუტში სწავლისას არიადნა შენგელაიამ გაიცნო ქართველი რეჟისორი – ელდარ შენგელაია. დაქორწინების შემდეგ იგი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა, გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მსახიობი, შექმნა არაერთი დასამახსოვრებელი პერსონაჟი ქართულ კინოში და 1979 წელს მიენიჭა საქართველოს სახალსო არტისტის წოდება.

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი“, 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე“, 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე“, 1961), მარია ( „თეთრი ქარავანი“, 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური“, 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი“, 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი“, 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება“, 1971), მარგალიტა („შერეკილები“, 1974) და სხვა.

პარალელურად, არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო და თეატრალურ უნივერსიტეტში ასწავლიდა. „დრამატული ხელოვნება მუდამ გაიმარჯვებს, თუ სცენაზე ასეთი ნიჭით მომადლებული მსახიობი იქნება“ – ასე შეაფასა აკაკი ხორავამ არიადნა შენგელაიას თამაში მედეა კუჭუხიძის სპექტაკლში „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც 1964 წელს დაიდგა“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იპნ