„ახალი თაობის” კითხვებს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი, გიგი გიგიაძე პასუხობს.
– ბატონო გიგი, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს, სტრამერს ურეიტინგო პრემიერ მინისტრი უწოდა. კობახიძე ასეთ არადიპლომატიური ტონით რატომ მოიხსენიებს, ბრიტანეთის პირველ პირს?
– ამის შეფასება ძალიან გამიჭირდება. ამ ადამიანმა და ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ ყველანაირი ზღვარი და წითელი ხაზი გადაკვეთეს. ასეთი ტიპის განცხადებები მიზნად ისახავს, ჩვენი დასავლელი პარტნიორების შეურაცხყოფას. ეს მოცემულობა, უფრო აღრმავებს დაშორებას „ქართულ ოცნებასა“ და დასავლეთს შორის. ეს დაშორება ხელს გვიშლის დასავლეთთან დაახლოებაში. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, თუ რა სახის ძალას და რა სახის პოლიტიკურ მოთამაშეს წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ეს არის მათი რეალური სახე.
– ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების გარემოცვის დასანქცირება მოითხოვა. სანქციების ახალი პაკეტის დადასტურება არის მოსალოდნელი?
– რასაკვირველია, მე ამას არ გამოვრიცხავ. არის დიდი ალბათობა, რომ ბიძინა ივანიშვილსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც რეჟიმს აძლიერებენ, მათზე გავრცელდეს სანქციების ახალი პაკეტი, გარდაუვალია. ეს პროცესი კარგა ხანია დაიწყო. ეს არის შეუქცევადი პროცესი და არ გაჩერდება. დიდი ბრიტანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც „ქართული ოცნების“ ლიდერები და „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული არხები დაასანქცირა. პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის. არსებობს დიდი ალბათობა, რომ უახლოეს მომავალში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების დასანქცირება გაგრძელდება. მაქვს მოლოდინი, რომ ეს ყველაფერი ფართო ხასიათს მიიღებს. ჩვენ ახლა თვალს ვადევნებთ ძალიან ლოგიკურ პროცესებს. ევროპელები დაასანქცირებენ, იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც საქართველოში ეს რეჟიმი შექმნა. ეს არის რეჟიმი, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ხელს უშლის. ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები გამოირჩევიან მკაფიო პოზიციებით.
– საიამ მოიგო რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო, მაგრამ „ოცნებას“ არ გამოუხატავს დიდი სიხარული, კომენტარებიდან ასე ჩანდა. როგორ გგონიათ, რატომ, არ ჰქონდათ ამაზე მითითება?
– „ქართულ ოცნებას“ ეს გამარჯვება იმიტომ არ უხარია, რომ მათ რუსეთის აგრესორობის აღიარება მოუწევთ. მათ მოუწევთ იმის აღიარება, რუსეთი საოკუპაციო ჯარის ქმედებებმა გამოიწვია, ანწუხელიძის მკვლელობა. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს სრულიად უმიზეზოდ შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე. ამიტომაც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კომენტარს ვერ აკეთებენ და ვერც გააკეთებენ კომენტარს, რადგან ნათლად გამოჩნდება, თუ ვის მხარეს არიან. „ქართული ოცნება“ იგივე პოზიციას იკავებს, რასაც რუსეთი.
– მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოში სხდომები ხშირად იმიტომ იმართება, რომ საქართველოს არ დაუძახონ და არ დაასწრონო. პირველი დიპლომატის ასეთი განცხადება რეალურად ჩანს?
– ეს განცხადება იმდენად აბსურდულია, იმდენად წარმოუდგენლად სამარცხვინოა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ამ განცხადებას აკეთებს ადამიანი, რომელმაც თავის ცხოვრების და ე.წ. კარიერის დიდი ნაწილი ბრიუსელში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროკავშირთან ურთიერთობის დეპარტამენტში გაატარა. მისი ეს განცხადება იმაზე მეტყველებს, რომ მას რეალობის აღქმა აქვს დაკარგული. ეს ადამიანი მსგავსი ტიპის შეურაცხმყოფელი ტყუილებით ცდილობს, პასუხი გასცეს იმ სავალალო მდგომარეობას, რომელიც მან და მისმა გუნდმა შექმნა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. ეს იმდენად სამარცხვინო განცხადებაა, რომ ამაზე კომენტარის გაკეთება არასერიოზულია.
– მარნეულში მუსლიმანური მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ირანის სულიერი ლიდერის სურათთან რიტუალებს ატარებენ, ახლა ეს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა, ეს საფრთხის შემცველი ხომ არ არის ქვეყნისთვის?
– მრავალი გავლენიანი ორგანიზაციების კვლევების თანახმად, საქართველოში ირანული გავლენები ძლიერდება და საქართველოში ჩინური გავლენებიც ძლიერდება. ეს არის პირდაპირი დადასტურება, რაც ამ ანგარიშებში იყო. საქართველოში ირანის გავლენები სწრაფად ძლიერდება.
– „ოცნებას“ კანონი შემოაქვს, რომლის მიხედვით, შეიძლება სააკაშვილი უკრაინას გადასცენ. გაჩნდა მოსაზრებაც, რომ ამ კანონის მიღების აზრი სწორედ ესაა. სააკაშვილი საქართველოდან თუ წავიდა, ჩამოშორდება ქართულ პოლიტიკას?
– ამის შესახებ არაფერი გამიგია და კომენტარს ვერ გავაკეთებ.
– საკმაოდ დაიძაბა რუსეთ-უკრაინის ფრონტზე სიტუაცია, უპირატესობა უკრაინის მხარესაა, მოსკოვიც კი დაბომბეს. პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს?
– რუსეთი ცდილობს, რომ მის ხელთ არსებული ბოლო კარტი გამოიყენოს. რუსები დასავლეთისა და უკრაინის დაშინებას ცდილობენ. არა მგონია, რამე გამოუვიდეთ, რადგან სწორი შეფასებები კეთდება. რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწევს. ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში, გაცილებით უფრო რთულ ვითარებაში აღმოჩნდება, ვიდრე დღეს არის. ბევრი პრობლემა შეექმნება.
კოტიკო გოგინაშვილი, „ახალი თაობა“

