კომპანია, რომელიც ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დაჯარიმდა, ყოფილი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას, შვილს ეკუთვნის

შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“, რომელიც თავდაცვის სამინისტროს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ ჯარისთვის გაყინული ხორცის მიწოდებაზე 3-ჯერ დააჯარიმა, „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გოდერძი ბუკიას შვილს, ნათია ბუკიას ეკუთვნის.

ცნობისათვის, თავდაცვის სამინისტროს შპს „სახელმწიფო კვების კომპანიამ“ საქონლის გაყინული ხორცის მომწოდებელი კომპანია 2019 წლის ბოლოს ყველა მოწოდებულ პარტიაზე დააჯარიმა. სამინისტროს ინფორმაციით, უწყების მაკონტროლებელი სამსახურის მიერ სსიპ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაგზავნილ იქნა სხვადასხვა ობიექტებიდან ამოღებული გაყინული საქონლის ხორცის ნიმუშები. „აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, 2019 წლის 31 დეკემბრამდე თავდაცვის ძალების ხორცით მომმარაგებელი კომპანია (შ.პ.ს. საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“) ტენდერით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო, ყველა შემოტანილ პარტიაზე (3-ჯერ) დაჯარიმდა და პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა, რომლის ჯამურმა ოდენობამ – 124 950 ლარი შეადგინა.

შპს საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“ 2010 წელს დაფუძნდა. მაშინ კომპანიის 70%-იან წილს „ელ ენდ ენ ფაინანსიერ ჰოლდინგ ეს ეი“ ფლობდა, 30%-იანი წილის მფლობელი კი ნათია ბუკია იყო. 2013 წლის ივლისიდან დღემდე ნათია ბუკია კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია. რეესტრის ბოლო ამონაწერით, „ქარვაში“ დირექტორის პოსტს გიორგი თაბაგარი იკავებს. ნათია ბუკია იყო შპს “დრიმლენდ ოაზისი”-ს 8.3% წილის მფლობელიც, რომელმაც პირდაპირი შესყიდვის გზით სსიპ “ბათუმის ბულვარს” მიაწოდა ბულვარის განვითარების კონცეფცია. ამ დროისთვის „დრიმლენდ ოაზისის“ 91%-ს ავსტრიაში რეგისტრირებული კომპანია „ალბერეტა“ ფლობს, 9%-იანი წილის მფლობელი კი ნიკოლოგ გეგუჩიძეა.

ნათია ბუკია არის გოდერძი ბუკიას შვილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ხობის მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატად 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წარადგინა. თუმცა დასახელებიდან ერთ თვეში ბუკიამ დეპუტატობა გადაიფიქრა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. კანდიდატურის მოხსნის მიზეზად ბიზნეს საქმიანობის გაგრძელება დასახელდა.

აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში ბუკია ხობის მაჟორიტარი დეპუტატი უკვე იყო. 2012 წელს 2012 წელს ის აირჩიეს, როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, მაგრამ პარტია მალევე დატოვა. გოდერძი ბუკია 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. (1995, 2004,2008 და 2012 წლები).

ბიპიენი